ჯაზში მხოლოდ მგლინავები არიან

გსურთ იცოდეთ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ჯაზის შემსრულებელი, ესტრადის მომღერალი, მასაჟისტი თუ მგლინავი? რა არის ის უნივერსალური კრიტერიუმები, რომლებიც განსხვავებული პროფესიების  სტანდარტს სისტემატიზებულ ჩარჩოში აქცევს?
მაშინ პროფესიული სტანდარტების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტი სწორედ თქვენთვისაა.
ეს დოკუმეტი 2010 წლის 31 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაამტკიცა. მასში აღწერილი 107 პროფესიული სტანდარტი საინჟინრო, სახელოვნებო, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებს მოიცავს. 
როგორც პროფესიული განათლების შესახებ კანონი იუწყება, პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიის მიზნებს, ამოცანებს და იმ პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც ამა თუ იმ სპეციალობის ადამიანი საქმიანობისას უნდა ფლობდეს. 
პროფესიული სტანდარტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ფარგლებში შემუშავდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია და აქვს ამბიცია, რომ საქართველოში არსებული პროფესიული განათლების კვალიფიკაციების სისტემატიზირებას ახდენს. 2010 წლის სექტემბერში „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრა, რომ პროფესიული სწავლება ხუთ დონედ დაიყოფა, თითოეული საფეხურის გავლის შემდგომ კი შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი გაიცემა. პროფესიებს, რომელთა ათვისებას ნაკლები დრო სჭირდება, ეტაპებიც ნაკლები აქვს. 
სწავლების ხსენებული დონეები გარკვეული კრიტერიუმების მიხედვითაა განსაზღვრული. სწორედ დადგენილი პროფესიული სტანდარტია ის მოთხოვნა, რომელსაც ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტი თითოეული საფეხურის ათვისებისას უნდა აკმაყოფილებდეს. სტანდარტები ადგენენ პროფესიონალიზმის შემდეგ მახასიათებლებს: ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება, დასკვნის გაკეთების, კომუნიკაციის, სწავლის უნარები და ღირებულებები. სტანდარტთა ნაწილი უკვე დამტკიცებულია, დანარჩენის განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისი პროექტები შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებმა – საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, კონკრეტულმა სასწავლებლებმა თუ პროფესიულმა კავშირებმა წარადგინეს.  მაგალითად, ჯაზის შემსრულებლის პროფესიული სტანდარტი სახელმწიფო კონსერვატორიის, საესტრადო მუსიკის შემსრულებლის კი – შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიერაა შემუშავებული. „შეუძლია კარგად განსაზღვრული პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება. შეუძლია შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიული გზების განხილვა” – დასკვნის უნარის ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს საესტრადო მომღერალი, თუ სურს, კვალიფიკაციის მეოთხე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღოს. რა კრიტერიუმებით ხდება, ვთქვათ, „დასაბუთებული დასკვნების გაკეთების” უნარის გაზომვა, ან რა იგულისხმება „განსაზღვრულ პრობლემაში” – დოკუმენტში გაწერილი არ არის. ამიტომაცაა, რომ მოყვანილი მაგალითი მცირედი ვარიაციებით გვხვდება განსხვავებული პროფესიული სფეროების თითქმის ყველა სტანდარტში. საესტრადო მუსიკის პროფესიონალის სტანდარტები რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ბევრად დეტალურადაა აღწერილი. მართალია, რაც უფრო დიდი მოცულობისაა მსგავსი დოკუმენტი, მით უფრო ხშირად ვარდება უხერხულ მდგომარეობაში მისი მკითხველი, მაგრამ მცირე მოცულობასაც თავისი მინუსები აქვს: სავარაუდოდ, არაფერი დაშავდებოდა, ჩვენს პროფკავშირებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთი საყოველთაო, უნივერსალური პროფესიული სტანდარტი რომ შეემუშავებინათ ელექტრიკოსისთვის, სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინერისა თუ კომპიუტერის ტექნიკოსისთვის. 
ოფიციალურად, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიული მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ახალი პროფესიული განათლების სისტემის შექმნაა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, დავით კერესელიძის თქმით, რეფორმამ ქვეყანა კვალიფიციური პროფესიული კადრებით უნდა მოამარაგოს, რომლებიც შემდგომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და ამ საჭიროების შესავსებად უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა აღარ იქნება საჭირო. როგორც ჩანს, უმუშევრობის პრობლემის პარალელურად, თავისუფალი სამუშაო ადგილები არსებობს, კვალიფიციური მოხელე კი რთული მოსაძებნია. საკითხავი ისაა, რამდენად შეესაბამება ახალი ჩარჩოთი დაწესებული სტანდარტები დასახულ მიზნებს.  
მთავარი მისია, რაც ახალ წამოწყებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეკისრება, ჩვენთან არცთუ ისე მაღალი პრესტიჟის მქონე პროფესიული განათლების პოპულარიზებაა. შესაძლოა, ამ მიმართულებით აქტიურობას მართლაც მოჰყვეს სახელობო განათლებით დაინტერესებულ პირთა რიცხვის ზრდა. თუმცა, თუ შესაბამისი სასწავლებლების კვალიფიციური პედაგოგებითა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით სათანადოდ აღჭურვა ვერ მოხერხდება, მზარდი პოპულარობა უკუშედეგის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს. ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ უღირთ, გარკვეული დრო და სახსრები პროფესიულ განათლებაში ჩადონ, მომავალი დასაქმების იმედით, დიდი შანსია, გაწბილებულნი დარჩნენ. შრომის ბაზარი, შესაძლოა, მზად არ აღმოჩნდეს ახალ სფეროებში ერთბაშად შემოდინებული სერტიფიცირებული სპეციალისტების სამუშაოთი უზრუნველსაყოფად. ანაც ამ ადამიანების კვალიფიკაცია – ნაქები სტანდარტების მიუხედავად – ისევ დამაკმაყოფილებელ ნიშნულს ქვემოთ დარჩეს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ დაბალი პრესტიჟის მიზეზი არა პროფესიული სტანდარტების არარსებობაში, არამედ სასწავლებელთა დაბალ დონეში უნდა გვეძებნა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, აქვთ თუ არა შესაბამისი მოთხოვნილება დამქირავებლებს. თუ რომელიმე სპეციალობა, ვთქვათ, ამფეთქებლობა, რეგულირებული პროფესია გახდება და ამფეთქებლად მუშაობას არადიპლომირებული პირი ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სფეროში მართალია, ხელოვნურად, მაგრამ გაჩნდება მოთხოვნილება პროფესიულ სტანდარტზე და მის დამადასტურებელ დოკუმენტზე. მაგრამ საეჭვოა, დამსაქმებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს, ფლობს თუ არა ამ დიპლომს ჯაზის შემსრულებელი ან ტანსაცმლის დიზაინერი.
თუმცა ეს მთავარი პრობლემა არ არის: იმისდა მიუხედავად, შემუშავდება სტანდარტები ბაზრის მოთხოვნილებების საფუძვლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თუ არა, გაზრდილი რეგულაციები უკვე თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.  
ზოგადად, რა მიზანს ისახავს სახელმწიფოს მიერ სტანდარტის დაწესება? ეს შეიძლება იყოს მომსახურებისა და პროდუქტის უვნებლობის, ან მისი ხარისხის გარკვეული დონის უზრუნველყოფა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ სტანდარტების ქართული კანონმდებლობა მომსახურებისა და პროდუქტის უვნებლობაზეა მიმართული. რაც შეეხება ხარისხს, მისი დონის რეგულაციას თავისუფალი ბაზარი – სახელმწიფოს ჩარევის, კონტროლისა და მზარდი ბიუროკრატიის გარეშე – თავადაც ახერხებს. კანონმდებლობა ისედაც იცავს მომხმარებელს: ხარისხთან დაკავშირებით მისი შეცდომაში შეყვანა განიხილება, როგორც ჩვეულებრივი თაღლითობა. დამატებითი კანონები და რეგულაციები ამის პრევენციისთვის საჭირო აღარაა.
გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ დადგენილმა სტანდარტებმა ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას შეუშალონ ხელი. რეგულირებადი ინდუსტრიის შემთხვევაში არასოდეს ვართ დაზღვეული შემდეგისაგან: მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც სტანდარტების დაწესების პრეროგატივას ფლობს, შეუძლია, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, რეგულაციები გარკვეულ მოთამაშეებს მოარგოს, სხვა მოთამაშეებს კი ბაზარზე შესვლის ბარიერი დაუწესოს, ან ბიზნესის კეთება გაუძვიროს.
განათლების საერთო სისტემის შექმნას და კვალიფიკაციათა ჩარჩოს მასობრივ დანერგვას აქტიურად ევროკავშირი კურირებს. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აცხადებენ, რომ ქართული რეფორმა პროფესიული განათლების სფეროში ევროპულის ანალოგია და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოც ზუსტად იმეორებს ევროპაში დამკვიდრებულ „სიცოცხლის მანძილზე” რვასაფეხურიან განათლებას. ევროპული ჩარჩოს მოთხოვნები ჯერჯერობით კავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც არაა ძალაში შესული. იმ ქვეყანათა შორის, რომლებმაც ეს სისტემა უკვე დანერგეს, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. ევროკავშირის რეკომენდაცია იყო ისიც, რომ 2010 წლის ბოლომდე საქართველოს, სულ ცოტა, 50 პროფესიული სტანდარტი შეემუშავებინა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ამ კუთხით საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. ოპტიმისტური გათვლებით, მსგავსი ნაბიჯები ადამიანთა ერთი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრციდან მეორეში გადასვლას გააადვილებს. მაგალითად, თუ საქართველოში გაცემული პროფესიული დიპლომი აღიარებული იქნება ევროკავშირში, ქართველი მასაჟისტი, რომელიც პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, ფლობს უნარს, „პრობლემურ ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში იაზროვნოს მიზეზშედეგობრივი კატეგორიებით, გადაწყვეტილება მიიღოს ეფექტურად და სწრაფად, სწორად შეარჩიოს და ჩაატაროს მანუალური მანიპულაცია”, ევროპაში სწავლას ავტომატურად შემდეგი საფეხურიდან განაგრძობს.
ევროკავშირის ქვეყნები თვითონაც არ უჩივიან დახელოვნებული ცეკვის პედაგოგის თუ  ექთნის სტანდარტების ნაკლებობას. საქმე ის არის, რომ ევროპული კეთილდღეობა და სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გვხიბლავს, დღეს არსებული სოციალური მოდელის დამსახურება არ არის. შესაბამისად, მისი კოპირება ავტომატურად თანაბარ კეთილდღეობას არ ნიშნავს. ევროპასთან ჰარმონიზაცია საგანმანათლებლო სისტემის ლიბერალიზაციას, დერეგულირებას და პრივატიზაციას უნდა გულისხმობდეს და არა სახელმწიფო როლის ზრდას. მსგავსი „ფუფუნების” უფლება საქართველოს არ აქვს. მით უმეტეს, რომ თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში არსებული კონკურენცია მაღალ გადასახადებს, ხარჯებსა და რეგულაციებს არ გვაპატიებს: კაპიტალი წავა იქ, სადაც ნაკლები წნეხი და მეტად პროგნოზირებადი გარემოა.  
განათლების სფერო გამონაკლისი არ არის. თუ სხვაგან ხარისხზე ზრუნვას თავისუფალ ბაზარს, ანუ საერთო ჯამში – მომხმარებელს ვანდობთ და ეს მექანიზმი უფრო წარმატებულად მუშაობს, ვიდრე ალტერნატიული, იგივე მოხდება განათლების შემთხვევაშიც. ეს მაშინ, როცა, არსებული მდგომარეობით, საგანმანათლებლო ბიზნესგარემო საქართველოში არსებულ ეკონომიკური აქტივობის სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ ლიბერალურია – მაღალია კონტროლი, რეგულაციები და ბიუროკრატია. პროფესიული სტანდარტები ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სჯობს, კომიკურ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ და ერთ დღესაც, ცოცხალი შესრულებისთვის დარბაზის დათმობაზე უარი არ ვუთხრათ ჩიკ კორეას, ჰერბი ჰენკოკს ან ჯონ ზორნს. ვინ იცის, ეგებ პროფესიული სტანდარტის დამადასტურებელ საბუთს არ ფლობენ.


 
 

კომენტარები