ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ეგიდით ლიტვა გაყინული კონფლიქტების მოგვარებას შეეცდება

 ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ლიტვა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებას შეეცდება. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა.

ეუთოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აჟუბალისმა აღნიშნა, რომ რეგიონულ თანამშრომლობას ”სასიცოცხლო მნიშვნელობა” აქვს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის შექმნის მხრივ. ”ამან შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეუთოს წევრ სახელმწიფოებში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში,” განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აჟუბალისის თქმით, ლიტვის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოს პრიორიტეტი იქნება გაყინული კონფლიქტების მოგვარება დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში არსებული სიტუაციის ჩათვლით. ”ეუთოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია კონფლიქტის მხარე საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობის მხრივ,” განაცხადა აჟუბალისმა ”ჩვენ ვისურვებდით ეუთოს უფრო აქტიურ როლს ამ კუთხით,” დასძინა მან.

ლიტვამ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანის სტატუსი 2011 წლის 1 იანვარს ყაზახეთისგან გადაიბარა.  

კომენტარები