რომში სტუდენტები საუნივერსიტეტო რეფორმას აპროტესტებენ

 იტალიის დედაქალაქში კვლავ დემონსტრაციები მიმდინარეობს. ამჯერად რომის ქუჩებში სტუდენტები გამოვიდნენ. მათ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საუნივერსიტეტო რეფორმები გააპროტესტეს. დღეს იტალიის სენატში კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა გაიმართება. დოკუმენტი საუნივერსიტეტო კურსებისა და გრანტების შემცირებას ითვალისწინებს.

”ვიცით, რომ რეფორმას სენატი ნებისმისერ შემთხვევაში დაამტკიცებს, რადგან არადემოკრატიული მთავრობა გვყავს, თუმცა ჩვენ მაინც გავაგრძელებთ დემონსტრაციებს კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ,” განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. დემონსტრანტების ნაწილს ხელები თეთრად აქვს შეღებილი. მათი თქმით ეს იმის ნიშანია, რომ სტუდენტები ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი არიან. ”თუ რამე მოხდება, ჩვენ ხელებს მაღლა ავწევთ,” აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ევრონიუსთან საუბრისას.

რომის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ აქციის ორგანიზატორებისგან დემონსტრაციის ჩატარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღიათ. ევრონიუსის ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტების ნებისმიერი მსვლელობა რომის დედაქალაქში არაკანონიერად ითვლება და სამართალდამცავებს შესაბამისი ზომების მიღების უფლება აქვთ.

რომში ფართომასტაბიანი აქციები გასულ კვირასაც გაიმართა: ოპოზიციამ იტალიის პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მიერ სენატში კენჭისყრის შედეგად პოსტის შენარჩუნება გააპროტესტა. აქციები 14 დეკემბერს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობების შედეგად იტალიის დედაქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა 20 მილიონი ევრო შეადგინა. 

კომენტარები