ასანჟი თავდებით გაათავისუფლეს

სკანდალური ინტერნეტპორტალის, ვიკილიქსის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი დღეს ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა.  გადაწყვეტილება ვესტმინსტერის სასამართლომ 14 დეკემბერს მიიღო, თუმცა ბრიტანელმა პროკურორებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ასანჟი პატიმრობაში დარჩა.

უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის 39 წლის ავსტრალიელის თავდებით გათავისუფლების პირობები დგინდება. მათ შორის არის გირაოს სახით 283 ათასი ევროს გადახდა, ელექტრო სამაჯურის ტარება და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის გაფორმება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასანჟს ხვალ დილით, პროცედურული ფორმალობების დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.

ჯულიან ასანჟი ბრიტანულმა პოლიციამ 7 დეკემბერს დააკავა. შვედი სამართალდამცავები მას ორი ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ვიკილიქსის დამფუძნებელი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ასანჟის თქმით, დაპატიმრება ინტერნეტპორტალზე ბოლო დროს გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებს უკავშირდება. 

კომენტარები