სერდიუკოვი: რუსეთი ავღანეთში სამხედრო პერსონალს არ შეიყვანს

რუსეთი ავღანეთში საკუთარი შეიარაღებული ძალების შეყვანას არ აპირებს. ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, მოსკოვი მზად არის შეიარაღების, სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის გადაადგილების მხრივ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსისს დახმარება გაუწიოს. ”ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ავღანეთში სიტუაცია დარეგულირდეს, და რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ ნარკოტრაფიკის მინიმუმამდე დაყვანით,” აღნიშნა მინისტრმა.

სერდიუკოვის თქმით, მოსკოვსა და ნატო-ს შორის არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ რუსეთი სატრანზიტო ტვირთს არა მხოლოდ ავღანეთისკენ გაატარებს, არამედ პირიქით, ავღანეთიდანაც. მან აღნიშნა, რომ  არსებობს ასევე ე.წ. ”ვერტმფრენის პაკეტიც”. ”ამგვარად, რუსეთმა, შესაძლოა იქ [ავღანეთში] სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფენებიც ჩაიყვანოს,” განაცხადა სერდიუკოვმა.

ავღანეთის მისიაში მონაწილეობის შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილება რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნოემბერში გამოაცხადეს. უცხოური მედიის ცნობით, სანაცვლოდ რუსეთმა ალიანსისგან ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შემდგომი ექსპანსიის შეჩერება მოითხოვა.  ოქტომბერში რუსული გამოცემა კომერსანტი იუწყებოდა, რომ კრემლმა ნატოსგან იმის გარანტიაც მოითხოვა, რომ ალიანსი თავისი ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მნიშვნელოვან სამხედრო კონტინგენტს არ განათავსებს. 

კომენტარები