მეტად ხარისხიანი სახელმძღვანელოები ნაკლებ ფასად?

ზოგჯერ მიზანი, რომელსაც გვთავაზობენ, მოსაწონია. პრობლემები, რომლის გადაჭრასაც გვთავაზობენ – ნაცნობი და მტკივნეული. შემოთავაზებული ფორმულა – მარტივი და ერთი შეხედვით ლოგიკური. შესაძლოა იმედიც გაგვიჩნდეს, რომ სიახლე სიკეთეს მოგვიტანს. თუმცა თუ ცოტა უფრო რაციონალურადაც მივუდგებით საკითხს, შესაძლოა ფორმულაც გამოვცადოთ, თუნდაც ქაღალდზე, რომ დავაკვირდეთ, რა ზიანის ან სიკეთის მოტანა შეუძლია მას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ნოემბრის დასაწყისში, დავით პაიჭაძის გადაცემაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი დიმიტრი შაშკინი საუბრობდა სახელმძღვანელოების გრიფირების, შინაარსის, საავტორო უფლებების, რეალიზაციისა და გავრცელების სისტემის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების ახალი მექანიზმების შემოღების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია გააიაფოს სახელმძღვანელოები საგანმანათლებლო ბაზარზე. 

მინისტრის აზრით, სახელმძღვანელოების ფასი ხელოვნურად მაღალია. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას ის იძლევა, რომ მას შემდეგ რაც მასწავლებელი სახელმძღვანელოს შეარჩევს, მშობელი იძულებულია, შეისყიდოს სახელმძღვანელო მხოლოდ ერთი კონკრეტული გამომცემლობის მიერ დაწესებული ფასის მიხედვით. ამ ვითარებაში, მინისტრის ინფორმაციით, გამომცემლობები ცდილობენ ხელოვნური დეფიციტი შექმნან ბაზარზე, რაც აძვირებს სახელმძღვანელოებს.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მინისტრი გვთავაზობს ახალ ფორმულას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე გადაცემამდე, 2 ნოემბერს გამოქვეყნდა: სახელმძღვანელოს შექმნის გამომცემლობა ან ფიზიკური პირი; შემდეგ კი მისი დაბეჭდვის უფლება ექნება ნებისმიერს, რომელიც საავტორო უფლების მქონე პირს დადგენილი მოგების 25%-ს გადაუხდის. ამ უფლების უზრუნველსაყოფად სამინისტრო გრიფის მინიჭების მომენტში ხდება სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე. სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე შეეძლება საავტორო უფლებების მთლიანად შესყიდვაც. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ეს შემოთავაზება მრავალ ხარვეზს შეიცავს. განხორციელების შემთხვევაში სახელმძღვანელოების წარმოების თვალსაზრისით პრობლემების ჩამონათვალი და  ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება. იკლებს ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნის მოტივაცია. 

გთავაზობთ ავიღოთ რაიმე პარამეტრები და ჩავსვათ შემოთავაზებულ ფორმულაში. მაგალითისთვის ავიღოთ ბაკურ სულაკაურის მიერ ტაბულაში მოყვანილი ციფრები. ის ამბობს, რომ სახელმძღვანელოს ფასი, რომელიც 10 ლარად იყიდება, შესაძლოა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან: სასტამბო ხარჯი – 4 ლარი, სადისტრიბუციო და გაყიდვის ხარჯი – 1.5 ლარი, საავტორო ჰონორარი – 1.5 ლარი, მარკეტინგის ხარჯი – მინიმუმ 0.5 ლარი და გამომცემლობის მოგება და რისკების ანაზღაურება – მაქსიმუმ 2.5 ლარი. 

ჩავსვათ რეალური ციფრები მაგალითისთვის 10 ათასიანი ტირაჟისთვის, რაც საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 

გამომცემლობის ხარჯები და მოგება დღეს ერთი ეგზემპლარის ფასი 10 ლარი სასტამბო 4.000 დისტრიბუცია/გაყიდვა 1.500 საავტორო ჰონორარი 1.500 მარკეტინგი 500 სულ ხარჯი 7.500 შემოსავალი: მოგება 2.500 განათლების მინისტრის განცხადებით, გამომცემლობის მოგების კომპონენტის არაადეკვატურად გაზრდა ხდება, რაც მოსახლეობას მძიმედ აწვება. ამიტომ თუ ვინმე კერძო პირი დაბეჭდავს ამავე სახელმძღვანელოს, გაჩნდება კონკურენცია, რაც სახელმძღვანელოებს გააიაფებს.

დავუშვათ, რომ მართლაც რომელიმე სხვა კონკურენტმა გამომცემლობამ გადაწყვიტა ამავე სახელმძღვანელოს დაბეჭდვა. მან უნდა შეამციროს ზემოთ აღწერილ კომპონენტებში ხარჯები. თუ ვთქვათ მას უფლება არ ექნება, რომ თვისებრივად სხვა პოლიგრაფიული სტანდარტით დაბეჭდოს წიგნი, სავარაუდოა, რომ მას სასტამბო ხარჯების შემცირება გაუჭირდება. დისტრიბუციას საქართველოში დისტრიბუტორები ეწევიან, რომელთა ფასებზე წიგნის მბეჭდავთა მეტი რაოდენობა, გაუგებარია, როგორ იმოქმედებს. მართალია, საავტორო ჰონორარი, იმ სახით, როგორც სახელმძღვანელოს შემდგენელ გამომცემლობას აქვს, ამ შემთხვევაში არ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ სამაგიეროდ შემოდის მოგების 25%-ის გადახდის ვალდებულება. მარკეტინგის ხარჯი მნიშვნელოვანი კომპონენტია მაშინ, როდესაც კონკურენციაზეა საუბარი. თუ რეალურ ციფრებს გადავხედავთ, კონკრეტული სახელმძღვანელოსთვის განკუთვნილი სამარკეტინგო ხარჯი არცთუ ბევრია. გამომცემლობამ შესაძლოა შეამციროს თავისი მოგება და რისკების ანაზღაურება.

ვთქვათ კონკურენტმა გამომცემლობამ მართლაც საკუთარი მოგების ხარჯზე შეამცირა სახელმძღვანელოს ფასი 10%-ით. 10 ათასი ტირაჟის მისი სახელმძღვანელოს ფასი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ახალი ფორმულის პირობებში კონკურენტი
გამომცემლობების ხარჯები და მოგება
ერთი ეგზემპლარის ფასი 9 ლარი ხარჯები:   სასტამბო 4.000 დისტრიბუცია/გაყიდვა 1.500 მარკეტინგი 500 მოგების 25% საავტორო
უფლების მფლობელს 600 სულ ხარჯი 6.600 შემოსავალი: მოგება 2.400 იმ შემთხვევაში გამომცემლობა უარს არ იტყვის წიგნის დაბეჭდვაზე, შეიძლება ვივარაუდოთ რამდენიმე რამ. მისი ხარჯები გაიზრდება მარკეტინგის კომპონენტში. დღეს მარკეტინგში იგულისხმება ძირითადად პროცესი, სანამ მასწავლებელი შეარჩევს ალტერნატივებიდან ერთ-ერთს. ამ დროს მასწავლებლებს გადასცემენ ბუკლეტებს, საჩუქრად სახელმძღვანელოებს, იმართება შეხვედრები, რეკლამა თავსდება მედიაში და სხვ. ახალ პირობებში ამ პროცესს დაემატება კონკურენცია სახელმძღვანელოს შერჩევის შემდეგაც. კონკურენციის გამო თუ ტირაჟი შემცირდა, შესაძლოა გაიზარდოს სასტამბო ხარჯებიც, რადგან ცნობილია, რომ სასტამბო ხარჯი თითო ეგზემპლარზე იკლებს ტირაჟის რაოდენობის ზრდასთან ერთად.

 თუ სახელმძღვანელოს შემდგენელი გამომცემლობა უარს იტყვის ბაზარზე კონკურენციის გაწევაზე, მაშინ ჩვენს მაგალითში, მან კონკურენტის მოგებისგან 25%-ის ფარგლებში შემოსული 600 ლარით უნდა გაისტუმროს საავტორო ჰონორარი, რაც მას 1500 დაუჯდა და თან ამავე თანხის ფარგლებში იფიქროს საკუთარ მოგებაზეც.

ვფიქრობ, თვალსაჩინოა, რომ პირველ თუ მეორე შემთხვევაში, სახელმძღვანელოს შემდგენელი გამომცემლობა იმგვარ გარემოში ხვდება, რომელშიც იზრდება მისი წარუმატებლობის შანსები, ხოლო ფასის სხვის მიერ დაწევის შემთხვევაში (რაც, მინისტრის აზრით, იქნება დადებითი შედეგის მომტანი) ის იძულებული იქნება, მინიმუმამდე დასწიოს სახელმძღვანელოს შექმნის ფასი. ეს კი ნიშნავს, რომ ავტორი, რედაქტორი, დიზაინერი, მხატვარი, კორექტორი თუ სხვა, უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციას შექმნის. ან მივიღებთ იმ ვითარებას, რაც 2004 წლამდე გვქონდა, როდესაც ავტორების ნაწილი ხელნაწერებით მიდიოდა სამინისტროში გრიფის სათხოვნელად.

რაც შეეხება სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საქართველოში ამის წარმატებული მაგალითები არსებობს. მათ შესახებ ვრცელი ანგარიშები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინახება. ამის გარდა კი, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისოდ აპრობირებული გზები, რომელთა გაზიარებაც სულაც არ იქნებოდა ურიგო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შემოთავაზებას აღწერილის გარდა სხვა უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ გამომცემლობებს ჩემზე უკეთ შეუძლიათ მათი წარმოჩენა. ჩემი მიზანი მხოლოდ იმის ილუსტრირება იყო, რომ აუცილებელია ცოტა მეტს დავფიქრდეთ რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე, რათა დავინახოთ ის, რასაც მანამდე ვერ ვხედავთ. ეს თანაბრად ეხება როგორც საზოგადოებას, ისე გადაწყვეტილებების მიმღებებს.

კომენტარები