ყველაზე გავლენიანი

Microsoft-მა კომპიუტერები ყველასათვის ადვილად გამოსაყენებელი გახადა. Google-მა ინფორმაციის მოძიება გაამარტივა. YouTube-მა ადამიანების ონლაინ გართობაზე იზრუნა. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კი ყველა ჩამოთვლილ კომპანიას აჯობა: მომხმარებელი მასზე ემოციურად დამოკიდებული გახადა. Facebook-ი „გვაიძულებს” გავიღიმოთ, როდესაც საკუთარ ან მეგობრების ფოტოსურათებს ვათვალიერებთ, გავბრაზდეთ, როდესაც არავინ პასუხობს ჩვენს მახვილგონივრულ პოსტებს, ვიჭორაოთ, ვცვალოთ სტატუსები, „დავთაგოთ” და „დავალაიქოთ” სხვისი ფოტოები. ამ საიტმა შეცვალა ადამიანების სოციალური დნმ – ადამიანი უფრო ღია გახადა. თანამედროვე ცხოვრების ყველაზე დიდი კულტურული ცვლილებაც სწორედ ესაა, მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრების დიდ ნაწილს Facebook-ში ატარებს.
ოქტომბრის დასაწყისში ცნობილმა გამომცემლობამ The Vanity Fair-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულის სათავეში სწორედ ამ სოციალური ქსელის შემქმნელი და მისი აღმასრულებელი დირექტორი, 26 წლის მარკ ზაკერბერგი დაასახელა. ზაკერბერგის „ქმნილების” ღირებულება დღეს დაახლოებით 25 მილიარდი დოლარია. პირადად მისი ქონება კი Forbes-ის ინფორმაციით 6,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასულ ზაფხულს ქსელში 500 მემილიონე აქტიური მომხმარებელი დარეგისტრირდა. ვებსივრცე მყარი ნიადაგი რომ იყოს, Facebook-ი მსოფლიოში სიდიდით მესამე ქვეყანა იქნებოდა. ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი, ვინც ინტერნეტს ათვალიერებს, Facebook-ის მომხმარებელია. ვებგვერდზე უფრო მეტი სარეკლამო ბანერია განთავსებული, ვიდრე ყველა სხვა საიტზე (176 მილიარდი რეკლამა 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით). „მეგობრები” კი ყოველთვიურად ქსელის მეშვეობით 30 მილიარდ ერთეულ ინფორმაციას ცვლიან.
არადა, Facebook-ის იმპერიის შექმნა ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში დაიწყო. 2004 წლის თებერვალში მარკ ზაკერბერგმა მეზობლებთან ერთად შექმნა საიტი, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. სულ მალე Facebook-ში სტენფორდის, კოლუმბიის და იელის უნივერსიტეტების სტუდენტებიც გაწევრიანდნენ. მარკმა მიატოვა სწავლა და საუნივერსიტეტო კამპუსიდან სილიკონის ველზე გადაბარგდა, სადაც საიტის განვითარებას მიჰყო ხელი. რამდენიმე თვეში სოციალური ქსელი 800 კოლეჯით გაიზარდა, ორ წელიწადში კი საიტი უკვე საერთო მოხმარებისთვის გაიხსნა.
დღეს საიტის შექმნის იდეას სამი ჰარვარდელი – კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები და დივია ნარენდა – სასამართლოში ასაჩივრებს. მათი მტკიცებით, Facebook-ის მაგვარი საიტის შექმნის ორიგინალური იდეა მათ ეკუთვნით, ხოლო ბატონმა ზაკერბერგმა იდეა მოიპარა. სენსაციების მოყვარულმა ჰოლივუდმა ჰარვარდელი სტუდენტების სარჩელზე დაყრდნობით ახალი ფილმი – The Social Network გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც ოქტომბერშია დაგეგმილი. Facebook-ის და მისი შემქმნელის პოპულარობიდან გამომდინარე, კრიტიკოსები ფილმს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
პოპულარობას თან ანგარიშვალდებულებაც სდევს. მარკ ზაკერბერგს კი ეს საკმაოდ კარგად ესმის. მისი ბიზნესი კარგად მანიპულირებს ინტიმური მომენტებით – ადამიანებს Facebook-ში შეუძლიათ შვილის პირველი ნაბიჯები იზეიმონ ან მეგობრის გარდაცვალება იგლოვონ. კომპანია მოგებას სწორედ ემოციების წყალობით შოულობს: ადამიანებს სურთ ცხოვრებისეული მომენტების ონლაინ აფიშირება.
ზაკერბერგმა მომხმარებლებს საკუთარ თავზე მეტი ინფორმაციის გაზიარებისკენ უბიძგა. თუმცა მომხმარებლის რეაქციამაც არ დააყოვნა: გაისმა ხმამაღალი საჩივრები, რომ ზოგიერთი პარამეტრი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტებს ლახავდა. ჯერ იყო და, 2009 წლის თებერვალში, როდესაც Facebook-მა პირობები განაახლა, მომხმარებელს საკუთარი პროფილის სამუდამოდ წაშლის შესაძლებლობა შეუზღუდა. პროტესტის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა აღნიშნული უფლება კვლავ აღადგინა. ოდნავ მოგვიანებით მოხდა ისეც, რომ Facebook-ის მომხმარებლის პროფილზე ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია სხვა საიტებზე განხორციელებული შესყიდვების შესახებ. მენეჯმენტმა ეს ხარვეზიც მალევე გამოასწორა. Facebook-ზე იმედგაცრუების ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი კი 2010 წლის მაისში მოხდა. მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მათ პირად ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდიდა ქსელის სხვა მეგობრებისთვის. მაგალითად, „მეგობრებს” შეეძლოთ ენახათ მიმოწერა ერთმანეთის „ჩატში”, „ინბოქსში” მიღებული მესიჯები და სხვა. მართალია, Facebook-მა მალევე აღმოფხვრა უსაფრთხოების „შავი ხვრელი”, მაგრამ მომხმარებლების პრეტენზიები პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით უფრო გაიზარდა.
ახლა მარკ ზაკერბერგი და მისი გუნდი დამატებითი ფუნქციების პაკეტზე მუშაობს. ახალი პაკეტი მომხმარებელს ინფორმაციის სელექციურად გაზიარების მეტ საშუალებას შესთავაზებს. მომხმარებელს შეეძლება არჩევა, თუ რა ტიპის ადამიანების ჯგუფს გაუზიაროს ესა თუ ის ინფორმაცია – თანამშრომლებს, ახლო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თუ უბრალოდ ვირტუალურ „მეგობრებს”. Facebook-ზე აქამდეც ნებადართული იყო მეგობრების სიიდან ჯგუფების შექმნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შესაძლებლობას მომხმარებელთა მხოლოდ 5% იყენებდა. ეს მაინც არ შეცვლის Facebook-ის უმთავრეს იდეას – ინფორმაციის საჯაროობა უმჯობესია, ვიდრე მისი საიდუმლოდ შენახვა. უბრალოდ, მეტ კონტროლს ინფორმაციის გავრცელების არეალი დაექვემდებარება.
 

კომენტარები