უმცროსი მილიბენდის მოულოდნელი გამარჯვება

შაბათს, 25 სექტემბერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ვინაობა გაირკვა. ამ პოსტზე მთავარი კანდიდატები ძმები დევიდ და ედუარდ მილიბენდები იყვნენ. ძმების მეტოქეობა უმცროსი, 40 წლის ედი მილიბენდის გამარჯვებით დასრულდა. იგი მცირედი უპირატესობით – 50,65% 49,35%-ის წინააღმდეგ – აირჩიეს. არადა, უფროს ძმას, დევიდს, დიდი ხნის მანძილზე ტონი ბლერის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თუმცა, შიდაპარტიულ არჩევნებში მარცხმა, მას დიდი პოლიტიკის დატოვებისკენ უბიძგა; უარი განაცხადა შეთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის ჩრდილოვან პორტფელზე და მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობას დასჯერდა. წარმატების მიუხედავად, ედს მთავარი გამოცდა წინ ელის. მან კოალიციური მთავრობის დამარცხება უნდა შეძლოს. ამის პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. უმცროსი მილიბენდის პრემიერ-მინისტრად არჩევისადმი სკეპტიკურად განწყობილნი ხაზს უსვამენ მის მცირე გამოცდილებას. მათი მტკიცებით, დევიდი უფრო ეფექტურ მეტოქეობას გაუწევდა პრემიერ კამერონს.
ძმების პოლიტიკურ კარიერაზე გარკვეული გავლენა მათმა წარსულმაც იქონია. ისინი ნაცისტების შემოჭრის შემდეგ 1940 წელს ბელგიიდან გამოქცეული პოლონელი ებრაელის შვილები არიან. მათი მამა სოციალიზმის მიმდევარი იყო. ვაჟების მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა დედამ, მარიონ კოზაკმა მოახდინა. იგი ბრიტანელ მემარცხენეთა ცნობილი წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტია. ძმები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს იყვნენ აქტიურად ჩართულნი ლეიბორისტების კამპანიაში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იწყება მათი კარიერა ლეიბორისტულ პარტიაში. ისინი სხვადასხვა – გორდონ ბრაუნისა და ტონი ბლერის შიდაპარტიულ ბანაკებში იყვნენ გაწევრიანებული. ედი მილიბენდმა ლეიბორისტ ჰარიეტ ჰარმანთან მუშაობისას მიიპყრო ბრაუნის ყურადღება და მისი მრჩეველიც გახდა. 2005 წელს სამხრეთ იორკშირის საარჩევნო უბნიდან პარლამენტარად აირჩიეს. 2008 წელს კი ენერგეტიკის და კლიმატური ცვლილებების მინისტრი ხდება. ლეიბორისტული პარტიის ძირითადი ფიგურები, პარტიული ორგანიზაციები და მათი ამომრჩეველთა უმეტესობა (97%) დევიდს უჭერდა მხარს. თუმცა, საბოლოოდ მაინც ედმა გაიმარჯვა, რაც გარკვეულმა ფაქტორებმა განაპირობა. პირველ რიგში, პროფკავშირებმა მემარცხენე ტიპის დაპირებების გამო უმცროს მილიბენდს გაუმაგრეს ზურგი. საარჩევნო კამპანიის დროს მან წამოაყენა ბრიტანეთის ეკონომიკის მოდერნიზებისთვის საჭირო 4-5-წლიანი გეგმის შექმნის აუცილებლობა. პოლიტიკოსი მთავარ აქცენტს სწორედ ცვლილებების საჭიროებაზე აკეთებდა, რის გამოც ხშირად ბარაკ ობამასთან აიგივებდნენ.
 

 

კომენტარები