რუსული კანონი

ჰერჩინსკი: ვსაუბრობთ ამ სამწუხარო კანონზე, თუმცა ის მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენს

კანდიდატის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიგვინიჭებია. კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს. ხელისუფლებები იცვლება - ეს არის ყველა დემოკრატიისთვის თავისთავადი [პროცესი], კანდიდატის სტატუსი კი რჩება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, რათა გადაგვედგა ნაბიჯი წინ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ. ევროპის საბჭომ გააკეთა შეფასება და გასცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ევროკომისიის გასული წლის შეფასებით, საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ უფრო მეტს ვისურვებდით, მაგრამ გადაწვყეტილება იქნა მიღებული, რომ გასულ წელს მიღწეული პროგრესი იყო საკმარისი, რათა ევროკომისიას და 27 წევრ ქვეყანას გაეცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

თქვენ მეკითხებით ანტიდასავლურ სენტიმენტსა და რიტორიკაზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად. საქართველოს მიეცა გზამკვლევი, კომპასი: რა არის საჭირო იმისთვის, რომ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ამ გზამკვლევს ცხრა რეკომენდაციად მოვიაზრებთ. ცხრა რეკომენდაცია მხოლოდ ერთი ფურცელია. პირველი რეკომენდაცია დასავლეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასა და საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლას შეეხება.

[...]

ჩვენ არ გვსურს ნაკლები ძალისხმევისთვის ნაკლები თანამშრომლობის სცენარი. დიახ, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ორივე მხარეს, ამ ეტაპისთვის რომ მიგვეღწია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან ნაკლები თანამშრომლობისკენ სვლა იქნება კატასტროფის ტოლფასი. პირველ რიგში, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

თუმცა, თუ ამას მეკითხებით, ცხადია, ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას მოჰყვება შედეგები. ცხადია, შედეგები მოჰყვება. ამას დრო დასჭირდება, გარკვეულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად ევროკომისია მიიღებს. დანარჩენ ზომებს წევრი სახელმწიფოების თანხმობა დასჭირდება. მათგან ნაწილს კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება, ნაწილს კი ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი.

ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე და იმედს ვიტოვებ, რომ არც მივალთ აქამდე.

[...]

ჩვენ ვსაუბრობთ ამ სამწუხარო კანონზე, თუმცა ის მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა მოითხოვს სერიოზულ მუშაობას, მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ცხრა რეკომენდაციის სახით არის წარმოდგენილი. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ამ გზის შუაში ვიმყოფებით, გასული წლის დეკემბრიდან ამ წლის დეკემბრამდე შუალედში. ახლა მაისია, შესაბამისად, დროის ნახევარი გასულია. ჩვენი შეფასებით, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გასაცემად.

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები