კოსოვო

არის კოსოვო!.. შემდეგი?..

Reuters

მცირე ისტორია

2009 წლის 1 დეკემბერს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოშიICJ International Court of Justice-ში – დაიწყო საკონსულტაციო მოსმენა: კოსოვოს თვითმმართველობის დროებითი ორგანოების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადების შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო სამართალთან (როგორც ცნობილია, კოსოვოს მხარემ სერბეთის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს ცალმხრივად გამოაცხადა).

2008 წლის 17 ოქტომბერს ICJ -მ დაადგინა გაეროს დაინტერესებული წევრი-სახელმწიფოების წერილობითი განცხადებებისა და შენიშვნების წარდგენის ბოლო ვადა – 2009 წლის 17 აპრილი. ამის შესახებ ცნობა საერთაშორისო სასამართლომ 2009 წლის 21 აპრილს ოფიციალური განცხადებით გაავრცელა (პრეს-რელიზი, #2009/17).

აქვე უპრიანია გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიის 22-ე სხდომაზე გამართული დებატების მოკლე მიმოხილვა. ეს სხდომა გაიმართა 2008 წლის 8 ოქტომბერს (A/63/PV.22), რომელზედაც განიხილეს სერბეთის ინიცირებით გენერალური ასამბლეის სხდომაზე შეტანილი რეზოლუცია (A/63/L.2).

ორსაათნახევრიანი კამათის შემდეგ დადგინდა აღნიშნულ რეზოლუციაში დასმული პრობლემის – კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაბამისობის თაობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებთან – სარეკომენდაციო მოსმენისთვის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გადატანა. ჰააგაში პრობლემის განხილვას მხარი დაუჭირა გაეროს წევრ-სახელმწიფოთაგან 77-მა, წინააღმდეგი წავიდა 6 (მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები), კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 74-მა სახელმწიფომ (მათ შორის იყო საქართველო, რაც სავსებით ბუნებრივია იმავე წლის აგვისტოს ომისშემდგომი მოკლე პერიოდისთვის; ქართულმა დელეგაციამ არც ჰააგის პროცესში მიიღო აქტიური მონაწილეობა, თუმცა, წერილობით განხილვაში არმონაწილე გაეროს წევრ-სახელმწიფოებს გენერალური ასამბლეის სამდივნომ 2009 წლის 30 ივლისს გაუგზავნა სრული ინფორმაცია ყველა დოკუმენტაციის შესახებ).

მოკლე მიმოხილვა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით მიმართეს გაეროს წევრმა-სახელმწიფოებმა, ასევე გაეროს წევრი-სახელმწიფოს – სერბეთის – მოთხოვნით. ასე რომ, ICJ-ს მიერ მიმართვაზე ვერდიქტის გამოტანისთანავე ქართულ მასმედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს აფხაზეთის (იგულისხმეთ ასევე სამხრეთ ოსეთად წოდებული ირონ-ქართლი) მიმართვის შემთხვევაში საქართველოს ამ ორ სეცესიურ რეგიონს წარმატების შანსი ექნება, არის სრულ უცოდინრობა-უვიცობაზე დაფუძნებული – ვერც ერთი და ვერც მეორე რეგიონის წარმომადგენელი ვერ მიმართავს ICJ-ს მათი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით; ასეთი წინადადების წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საჯარო სამართლის სუბიექტებს და სეცესიურ რეგიონებს პროცედურის დარღვევის საშუალებას არავინ მისცემს.

გაეროს წესდების ერთ-ერთი მუხლი უფლებას აძლევს ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოს (!) ICJ-ს მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ (მუხლი 93). არის ერთი საკმაოდ ბუნდოვანი და წარმატების ნაკლები შანსის მქონე გზა – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის სამართლებრივი შეფასებისთვის ICJ-ს მიმართოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ან უშიშროების საბჭომ რომელიმე წევრი-სახელმწიფოს მოთხოვნით. მათ რიგს (ამ ეტაპზე მაინც) შეიძლება მივაკუთვნოთ: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ. დანარჩენი წევრი-სახელმწიფოები რამდენად დაუჭერენ მხარს ჰააგის საკონსტიტუციო სასამართლოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმურობის თაობაზე გასაგზავნ რეზოლუციას (თუკი ასეთი დოკუმენტი საერთოდ შედგა), საეჭვო გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან საერთაშორისო დამოკიდებულების გათვალისწინებით.

სუვერენობის იდეა და საერთაშორისო სამართალ-სუბიექტობა


XIX საუკუნეში ჩამოყალიბებულმა სამართლებრივ-პოლიტიკურმა კონცეფციამ საერთაშორისო სამართალში დასამკვიდრებლად სამართლებრივი სიახლე შემოიტანა: საერთაშორისო სამართალი წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოწესრიგების ერთადერთ საშუალებას; ევროპელ და ამერიკელ ცივილიზებულ ერებს აკისრიათ საერთაშორისო სამართლის დაცვის ვალდებულება; ამავდროულად, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს მთელ დედამიწაზე მცხოვრები სხვადასხვა ხალხები წარმოადგენენ, უკლებლივ ყველანი… (იოჰან კასპარ ბლუნჩლი, შვეიცარიელი იურისტი, 1808-1881).

ფორმულა მისაღებია მხოლოდ ერთი დაზუსტებით. ცნობილია, რომ იურისპრუდენცია იცნობს საერთაშორისო – საჯარო და კერძო – სამართლის სუბიექტებს. ნებისმიერი სახელმწიფო საჯარო სამართლის სუბიექტია, სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში არსებული ტერიტორიული წევრი – კერძო სამართლისა. აშშ, კანადა, ესპანეთი საერთაშორისო საჯარო სამართლის სუბიექტები არიან, ხოლო ამ სახელმწიფოთა პოლიტიკური წევრები (შტატი, პროვინცია), საერთაშორისო კერძო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ. თუმცა ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ სეპარატიზმისთვის ეს ფორმულა დამაკმაყოფილებელი არ არის. საერთალიგო პრინციპები

სუვერენობის იდეის პრინციპის დამკვიდრების პირველი პრაქტიკული მცდელობა ჯერ კიდევ 1914-1918 წლების მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში განხორციელდა. იგი აისახა აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის 14-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტში (ეს უკანასკნელი ვილსონმა 1918 წლის 8 იანვარს წარუდგინა შეერთებული შტატების კონგრესს და, საბოლოოდ, იგი ჯერ ვერსალის ზავის, ხოლო შემდეგ ერთა ლიგის დაარსების საფუძველი გახდა). თუმცა თავიდანვე იყო ცნობილი, რომ აღნიშნული 14 პუნქტი აწესრიგებდა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ვითარებას (I ომის შემდგომ პერიოდში ახალ სახელმწიფოთა ჩამოყალიბების პროცესს ევროპული იმპერიების ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით) და, ამდენად, არ ატარებდა უნივერსალურ ხასიათს…

ერების ერთიანობა თვითგამორკვევის თანხლებით

ერთა თვითგამორკვევის უნივერსალიზაცია ერთა ლიგის დროში მემკვიდრემ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, სცადა თავის წესდებაში. თავისი მიზნების გაცხადებისას გაერომ აღნიშნა: „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა”, „მშვიდობისთვის საფრთხის კოლექტიური ღონისძიებებით აღკვეთა”, „აგრესიის ნებისმიერი აქტის ჩახშობა”, მშვიდობის დაცვა „სამართლიანობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან თანხმობით” (მუხლი 1, პუნქტი 1). გაცხადებულ იქნა აგრეთვე „ხალხების თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლების პრინციპების პატივისცემა” (იქვე, პუნქტი 2). ბოლო თეზისი თვითგამორკვევის თაობაზე ისევ გამეორდა წესდების 55-ე მუხლში.

შემდგომში გაეროს მიერ ერთა თვითგამორკვევის თაობაზე მიღებულ მრავალ რეზოლუციასა თუ კონვენციას შორის მოვიხმობ მხოლოდ ორს.

ჰააგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნულ დეკლარაციაში მოცემული პრინციპების ურყეობა და განმარტა, რომ „დამოუკიდებლობის ხელშეუხებელი უფლება გააჩნია თვითმმართველი ტერიტორიების არმქონე ხალხებს, და ასევე, ხალხებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოტომელთა ბატონობის უღლის ქვეშ და განიცდიან ჩაგვრას” (პუნქტი 79).

ა.1514 (XV)

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაციამ გამოაცხადა „კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების” აუცილებლობის შესახებ, რომლის პრინციპულ საფუძვლად, სხვა პრინციპებთან ერთად, აღიარეს „დიდი და მცირე ერების თანასწორობა” (პრეამბულა). დეკლარაციის შვიდივე პუნქტში ამ პრინციპების დაცვის იმპერატიული ნორმები იყო მითითებული (გაეროს გენერალური ასამბლეის 947-ე პლენარული სხდომა, 14.12.1960).

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „დამოუკიდებლობის აქტის არამართლზომიერებას განსაზღვრავს არა მისი ცალმხრივი გამოცხადება, არამედ ის ფაქტი, როცა გამოცხადებას თან ახლავს, როგორც თანმდევი პირობა, ძალის უკანონო გამოყენება და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევა” (პუნქტი 81).

ბ.2200 A (XXI)

გაეროს გენერალური ასამბლეის (1966 წლის 16 დეკემბრის რეზოლუცია) მიერ მიღებულმა „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტმა”, რომელიც ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს ანუ ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, საბოლოო ფორმულირება მისცა თვითგამორკვევის უფლებას: „ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად ამყარებენ საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ საკუთარ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას” (რეზოლუციის მუხლი 1).
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტის (1975 წლის 1 აგვისტო) მიღებამ მსოფლიო განვითარების მიმართულებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია: დააჩქარა სსრ კავშირის რღვევა; ხელი შეუწყო „ცივი ომის” დასრულებას; სხვა დადებით მოვლენებზე არაფერს ვამბობ.

ჰელსინკი

ჰელსინკის აქტის მიღებით დიდი და მცირე სახელმწიფოები შეთანხმდნენ: სუვერენულ თანასწორობაზე, სუვერენიტეტისათვის დამახასიათებელ უფლებათა პატივისცემაზე (პრინციპების დეკლარაცია, I); ძალის ან ძალით დამუქრების გამოუყენებლობაზე (იქვე, II); საზღვრების ურღვეობაზე (იქვე, III); სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობაზე (იქვე, IV); დავის მშვიდობიან მოწესრიგებაზე (იქვე, V); საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე (იქვე, VI); ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პატივისცემაზე (იქვე, VII); ხალხთა თანასწორობასა და საკუთარი ბედის გამგებლობის უფლებაზე (იქვე, VIII).

კომენტარები