თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს – ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი. ტაბულა მას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო თქვენი ამ თანამდებობაზე არჩევა. თქვენთვის?
ჩემთვისაც. აგვისტო მთავრობისთვის ძალიან დატვირთულია. საერთოდ არ ვფიქრობდი მსგავს ცვლილებაზე. თან ეს არ არის სამსახურის ჩვეულებრივი გამოცვლა. რექტორობა, თუნდაც მოვალეობის შესრულება, უზარმაზარი პატივი და პასუხისმგებლობაა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში ერთხელ გთავაზობენ და სხვა შანსი შეიძლება, აღარ მოგეცეს.
ამ მცირე დროში თუ მოასწარით უნივერსიტეტის შიდა საკითხებსა და პრობლემებში გარკვევა?
ნაწილობრივ, კი. ჯერ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვხვდები, რადგან სწავლა მალე განახლდება. ვესაუბრები სამეცნიერო, სასწავლო ნაწილის წარმომადგენლებსაც. ნელ-ნელა ვერკვევი ყველაფერში.
დიდ ყურადღებას ვაქცევ, რას ფიქრობენ სტუდენტები. ამის ერთ-ერთი გზა არის ფორუმების კითხვა, სადაც ისინი საუბრობენ საკუთარ პრობლემებსა და სურვილებზე. მაგალითად, წერდნენ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვას რთული ბიუროკრატიული პროცესი ახლავს. ეს საკითხი უკვე დავაყენე.
სტუდენტები ასევე საუბრობდნენ ინფორმაციის ნაკლებობაზე, ვებგვერდის გაუმართაობაზე. სხვა პრობლემებიც, რომლებიც აქ დასახელდა, გამოსწორდება. სამომავლოდ ვაპირებ, ინტერაქტიული ვებგვერდი გავაკეთო, სადაც გავეცნობი სტუდენტების აზრებს. ცხადია, მათ პირისპირაც შევხვდები. მე არ ვიცი, სხვა რა ფუნქცია შეიძლება მქონდეს, გარდა სტუდენტებთან ურთიერთობისა.
სტუდენტები ლექტორების კვალიფიკაციის ნაკლებობასაც უჩივიან. რას აპირებთ ამ მიმართულებით?
ეს სასაუბროდ მძიმე, მაგრამ აუცილებელი თემაა. არის დისციპლინები, რომელიც სწრაფ გადახალისებას არ საჭიროებს. თუმცა, ყოველთვის საჭიროა, ახალი თაობა და ახალი მეთოდოლოგია შემოვიდეს. იმ დისციპლინებში კი, სადაც ამის აუცილებლობა იქნება, ლექტორები გადამზადდებიან. ამ ყველაფრის სწრაფად გაკეთება რთული იქნება.
საჭიროა, რომ მასწავლებლები უცხოეთიდანაც შემოვიდნენ. უნდა შემოვიდეს უცხოური სამეცნიერო ლიტერატურაც. ამით დავინტერესდი და მთლად კარგად ვერ გვაქვს საქმე.
ვაპირებ, გავაფართოო უნივერსიტეტის კონტაქტები. მუდმივად უნდა მიმოვცვალოთ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აქ ერთგვარ სირთულეებს ვაწყდებით. სადაც უნდა წავიდეთ, ენის ბარიერი ყველგან გვხვდება – შეძლებენ სტუდენტები უცხო ენაზე მოსმენილი ლექციების გაგებას, იმუშავებენ პროფესორები არაქართულ, ან არარუსულ გარემოში?
პრეზიდენტსაც ვესაუბრე ამ საკითხებზე. უახლოეს მომავალში უნდა წარვუდგინო სამოქმედო გეგმა. ძირითადად სამი მიმართულებაა – უცხო ენების სწავლების გაძლიერება, იმ დისციპლინების ხელშეწყობა, რაშიც ტრადიციულად ძლიერი იყო უნივერსიტეტი და მასწავლებლების ახალი ნაკადი.
კიდევ რა საკითხები განიხილეთ პრეზიდენტთან შეხვედრისას?
ვისაუბრეთ უნივერსიტეტის მოდერნიზებაზე. არ ვგულისხმობ მხოლოდ კომპიუტერისა და ენების ცოდნას, რაც აუცილებელი ატრიბუტია. ქართველი სტუდენტი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, თუ ელემენტარული უნარ-ჩვევები არ ექნება. სტუდენტები უნდა გავიდნენ ქვეყნის გარეთ. უნდა იყოს მუდმივი მოძრაობა.
ვისაუბრეთ იმაზეც, რომ უნივერსიტეტის ტრადიციულად ძლიერი დისციპლინები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ავიყვანოთ მსოფლიო დონემდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის ხარჯზე სხვა დისციპლინებს ყურადღება და დაფინანსება მოაკლდება. მექანიკური ჭრა ნამდვილად არ იქნება. თუ გვინდა, რომ ვიყოთ თანამედროვე ქვეყანა, განვვითარდეთ ტექნოლოგიურად, შემოვიდეს ინვესტიციები, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ბაზა პროგრესის მისაღწევად.
კვლევითი ინსტიტუტები რომ შემოდის საუნივერსიტეტო განათლების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია, მსოფლიოში ვნახოთ ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის ბაზაზე. იქ სტუდენტს ისეთივე წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში, როგორიც პროფესორს. ასე უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა მეტი თანხების მოძიება.
როგორ აპირებთ დამატებითი ფინანსების მოძიებას?
ერთ-ერთი საშუალებაა ფონდი, სადაც ფინანსურად შეძლებული ყველა უნივერსიტეტდამთავრებული გადმორიცხავს ფულს უნივერსიტეტის დასახმარებლად.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია. თუ გვინდა, განვითარდეს ქვეყანა, განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი და არის კიდეც. მომავალ წელს დიდი თანხები ჩაიდება ამ სფეროში. პრეზიდენტმაც თქვა, რომ ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლია.
დავობდნენ იმაზე, რექტორი აუცილებლად აკადემიური ხარისხის მქონე უნდა იყოს, თუ მენეჯერული უნარებია უფრო მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
გააჩნია, რა არის რექტორის ფუნქცია. თუ ამ უზარმაზარი სახელისა და ზომის უნივერსიტეტს სჭირდება მართვა და რექტორის ფუნქცია არის მართვა არა მხოლოდ სამეცნიერო, განათლების კუთხით, არამედ, ზოგადად, მენეჯერული კუთხით, მაშინ სამეცნიერო მიღწევები არ არის განმსაზღვრელი. ასეა მედიცინაშიც, სხვათა შორის. ჩვენთან, რატომღაც, მმართველად ინიშნებოდა წარმატებული ექიმი. შედეგად, კარგი ექიმისგან ცუდ მენეჯერს ვიღებდით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოწვევებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, გქონდეს სამეცნიერო ხარისხი.
თქვენ საუბრობთ გამოწვევებსა და გეგმებზე. როგორი უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
უნივერსიტეტს აქვს ამბიცია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. ის უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს. ყველაფერი უნდა კეთდებოდეს სტუდენტისთვის – ჩარიცხვიდან დამთავრების ჩათვლით. მას მერეც უნდა აკავშირებდეს რაღაც ალმა მატერთან. ეს მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მინდა, რომ იგივე მოხდეს აქაც. მაგალითად, მე ნიუ იორკის უნივერსიტეტიც დავამთავრე. რამდენჯერაც ნიუ იორკში მოვხვდები, ვყიდულობ რამე ნივთს ამ უნივერსიტეტის ლოგოთი. მათ მოახერხეს ის, რომ ჩამინერგეს სიყვარულისა და სიამაყის გრძნობა, რაც, ამ შემთხვევაში, მონეტარული კუთხით გამოიხატება.
ეს, რა თქმა უნდა, პატარა დეტალია, მაგრამ ჩვენს უნივერსიტეტშიც უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, რომ სტუდენტი იყოს კომფორტულად, მიიღოს მაქსიმალური ცოდნა, დახარჯოს მაქსიმალური ენერგია და იამაყოს თავისი სასწავლებლით. როდესაც წავა აქედან, უნდა თვლიდეს, რომ რაღაც ვალდებულება აქვს უნივერსიტეტის მიმართ. შემდეგ – იქნება ეს ალუმნაის ასოციაციები, თუ სხვა გზა – ის დაკავშირებული უნდა იყოს თავის უნივერსიტეტთან.
ცხადია, ამ ყველაფრისთვის სამი თვე ცოტაა. პირველ რიგში, რის გაკეთებას აპირებთ?
პირველ რიგში, უნდა დაიწყოს სწავლა. შემდეგ არის აკადემიური საბჭოს არჩევნები. მთავარია, სწავლის პროცესი ნორმალურად წარიმართოს. უნდა მოვემზადოთ რექტორის არჩევნებისთვისაც, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდება.
რომელშიც მიიღებთ მონაწილეობას...
ახლა ძნელი სათქმელია. უნდა ვნახო, ჩემი სამთვიანი მუშაობა რამდენად წარმატებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, თუ მონაწილეობა გადავწყვიტე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საბჭოს ჩემთვის ხმის მოცემა არ გაუჭირდეს.





