მშობლები, შვილები და პოლიტიკოსები

ადამიანი დახმარებას ითხოვს, თუ საკუთარი შრომით არ შეუძლია სარჩოს მოპოვება. ასეთ მდგომარეობაში ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხვედრა. დამხმარემ საკუთარ ნაშრომზე ნებაყოფლობით უნდა თქვას უარი. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია მიზეზი - თუ რატომ ითხოვენ მისგან, ერთი შეხედვით, არარაციონალური გადაწყვეტილების მიღებას.
საკუთარი თავის მოვლის უუნარობის
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

1) ბავშვის დაობლება;
2) დაბადებიდან ან შემდგომში წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც, ასაკის მიუხედავად, შრომას შეუძლებელს ხდის;
3) შრომისუუნარობა სიბერის გამო;
4) პიროვნული და გარემო ფაქტორების ისეთი ერთობლიობა, როდესაც შრომისუუნარობის მიზეზების გამოვლენა რთულია, მაგრამ სიღარიბე, როგორც შედეგი, სახეზეა.

იგივე მიზეზები გამოიყენა სახელმწიფომ საკუთრების გადანაწილებაში ჩარევის არგუმენტად. შრომისუუნარობის ამ მიზეზებით დაჯგუფებულ ადამიანებს, რატომღაც, სოციალური კატეგორიები ეწოდა. სოციალურ კატეგორიებში ყველაზე დიდია ე.წ. პენსიონერებისა და ღარიბების ჯგუფები. პენსიონერთა ჯგუფში ხვდებიან ზემოთ ჩამოთვლილი საერთო მახასიათებლის მქონე ადამიანები. ობოლ ბავშვებს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, პენსიონერები ჰქვიათ (34 000 ბავშვი), ჯანმრთელობის პრობლემის გამო შრომისუუნაროებს - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (141 000 შშმპ), მოხუცებულებს - ასაკის გამო პენსიონერები (660 000 მოხუცი), ხოლო ღარიბებს - სოციალური დახმარების ბენეფიციარები (470 000 ღარიბი).

ამ ჯგუფებს გადასახადის გადამხდელები 1.161 მილიარდ ლარს უზიარებენ. ამ თანხის განაწილებით დაინტერესებულთათვის საყვარელი სადისკუსიო თემაა იმის გარკვევა, თუ რომელი სოციალური ჯგუფი როგორ „სახელმწიფო თანადგომას” იმსახურებს. ხშირად ისინი კონსენსუსსაც აღწევენ. კონსენსუსის შინაარსი ის არის, რომ თითოეული ჯგუფი უფრო მეტ დახმარებას იმსახურებს და 1.161 მილიარდი ლარი ძალიან ცოტაა. თუ ვინმემ, მორიდებულად, გადასახადების გაზრდის უარყოფით მხარეს მიაქცია ყურადღება, მის წინააღმდეგ გამანადგურებელი იარაღი ამოქმედდება. ეს იარაღი გულისამაჩუყებელი სიტყვებია - „მარჩენალდაკარგული”, „ინვალიდი”, „პენსიონერი”. თითქოს ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ სტატუსის ადამიანის წინაშე, სტატუსის არმქონე ვალშია. კითხვა, თუ ვისზე ვსაუბრობთ ან რატომ არის ვინმე მათთან ვალში, უხერხულია.

ვისარგებლებ შემთხვევით და მაინც ვიკითხავ: შესაძლებელია, დაობლებული ბავშვი განსაკუთრებული მზრუნველობით სარგებლობდეს შეძლებული ოჯახის მრავალრიცხოვანი მოსიყვარულე წევრების მხრიდან? ან თუ შესაძლებელია, რომ გულის სტიმულატორი - რაც ინვალიდობის სტატუსის მინიჭების საფუძველია - ადამიანს პროფესიულ საქმიანობაში ხელს საერთოდ არ უშლიდეს? რატომაა შეუძლებელი 65 წლის პენსიონერი წარმატებული ბიზნესის მფლობელი იყოს? რა უფრო სამართლიანია, ფული მიიღოს ახლობლების თანადგომის ან საკუთარი ძალისხმევის შედეგად კეთილდღეობაში მცხოვრებმა სოციალური კატეგორიის წარმომადგენელმა თუ უსტატუსო, მშიერმა უსახლკარომ?

მასშტაბიდან გამომდინარე, ყველაზე საინტერესო მაინც ასაკის გამო პენსიონერთა ისტორიაა.
„მუხლი 1218. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ:
1. შვილები მოვალენი არიან, იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან, არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.”
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის შესახებ შეიძლება ასი ქართველიდან ერთმა იცის, ათიდან ცხრისთვის ეს მორალური ნორმაა და კანონში ეწერება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს; ერთისათვის კი გაუგებარი ან მიუღებელია. უკანასკნელს შეიძლება მშობლებმა აწყენინეს, სწორად ვერ აღზარდეს, ან „თუ ბუნებამც არ უშველას” ამბავია.
ვინ არიან ასაკით პენსიონერები? ისინი ან თავად არიან გადასახადის გადამხდელები ან გადასახადის გადამხდელების მშობლები არიან. მაშინ რატომ არ შეიძლება ფული მათ დილით, საუზმის შემდეგ მივცეთ? ალბათ, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ჩვენ ამას ნებაყოფლობით არ ვიზამთ და საჭიროა, ფული ჯერ ციხეში დაჭერის მუქარით გამოგვართვან, შემდეგ ადმინისტრაციული ხარჯი გაწიონ და მერე ჩვენს მშობლებს გადასცენ. რატომ არ ენდობა სახელმწიფო შვილებს? თითქოს სულ რაღაც 15-16 წლის წინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი პრაქტიკულად არ არსებობდა, უმძიმესი კრიზისის წლებში დავამტკიცეთ საწინააღმდეგო. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად სწორედ ურთიერთდახმარების შედეგად გადარჩა.

იქნებ იმიტომ, რომ მოხუცებისათვის გაუგებარია, საიდან მოდის ის ფული, რომელსაც კეთილი სახელმწიფო არიგებს, რატომღაც ყოველ არჩევნებამდე გაზრდილი ოდენობით?

დასავლურ სახელმწიფოთა უმეტესობა თვლის, რომ ახალგაზრდები არარაციონალურად მოიქცევიან და არ იზრუნებენ საკუთარი სიბერის უზრუნველსაყოფად. ამ მოტივით ადამიანებს აიძულებენ, ახალგაზრდობიდან დააგროვონ თანხა საპენსიო სქემაში ან საპენსიო ანგარიშებზე, რათა გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ დაგროვილი თანხა ეტაპობრივად უკან დაუბრუნონ. საქართველოში ასეთი სისტემა საბედნიეროდ არ გვაქვს - გადარჩენილები ვართ ამ ფულის სახელმწიფოსათვის მიბარებით მსოფლიოში ყველაზე სარისკო ფინანსური ოპერაციის იძულებით ჩატარებას. სიბერის უზრუნველყოფას ქონების დაგროვებით, შვილების განათლებაში ჩადებული ინვესტიციითა და სხვა უფრო ეფექტური არაფორმალური გზებით ვცდილობთ.

საინტერესოა, რომ 660 000 ასაკით პენსიონერიდან 260 000 თავს ღარიბად არ თვლის. დანარჩენი 400 000 პენსიონერიდან, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ, მხოლოდ მესამედია ამ სტატუსის არმქონე მოქალაქეების მდგომარეობაში. ბუნებრივია, ყველა ასაკოვანი ადამიანის უპირობო დახმარების საჭიროება მხოლოდ გავრცელებული სტერეოტიპია.
აქვთ კი ე.წ. სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს ან გულშემატკივარ პოლიტიკოსებს პენსიისა თუ დახმარების მოთხოვნის უპირობო უფლება? დახმარება უნდა ვითხოვოთ თუ მოვითხოვოთ? იქნებ უფრო სამართლიანია, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისათვის გავიღოთ იძულებითი, მაგრამ მაინც ქველმოქმედება, ვიდრე საკუთარი მშობლების დასაფინანსებლად (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ეს ფული ჩვენივე შვილებისათვის სნიკერსის საყიდლად უნდა დახარჯონ)?

თუ სახელმწიფო განურჩევლად ყველა მოხუცზე აპირებს ზრუნვას, ორმაგი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, იქნებ სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი გაგვეუქმებინა?

კომენტარები