პრეზიდენტი, ფოტოგრაფი და მდიდარი ქალი

ბეტანკურის საქმე, ვიდრე იგი პოლიტიკურ სკანდალში გადაიზრდებოდა, ერთი უბრალო ფრანგული ამბავი იყო. მოგეხსენებათ, ამბებს „ფრანგულად” სამი კომპონენტი აქცევს - ავანტიურა, იდუმალება, სიყვარული. ამ სამს თუ გემოვნებით შევაზავებთ ფულთან, ძალაუფლებასთან, ხელოვნებასთან და პოლიტიკასთან, მივიღებთ საოცარ კოქტეილს, რომელსაც სიამოვნებით დააჭაშნიკებს ყველა - ლამაზი ამბების მოყვარულებით დაწყებული, მედროვე კარიერისტებით დასრულებული. წვეულებას, რა თქმა უნდა, არც ჟურნალისტები დააკლდებიან.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ სამმოქმედებიან პიესას უნგრული წარმომავლობის ორ მამაკაცზე, რომლებმაც ფრანგული ელიტური საზოგადოების ციტადელი დაიპყრეს.
პირველი მათგანი ფრანსუა-მარი ბანიეა, რენოს ქარხანაში დასაქმებული ემიგრანტის შვილი, რომელმაც სკოლა ადრეულ ასაკშივე მიატოვა და ხელოვნებაში თავით გადაეშვა. რა აღარ სცადა - ფოტოგრაფობა, მწერლობა, მსახიობობა, მხატვრობა. განსაკუთრებული ნიჭის პატრონს ვერ ვუწოდებთ, ყოველ შემთხვევაში, ხელოვნების დარგებში. აი, რაც შეეხება ურთიერთობის ხელოვნებას... მდიდრული სასტუმროების ფოიეში გაბმული ნაცნობობის წყალობით, ბანიე პარიზულ ბომონდს ისე ბუნებრივად შეერწყა, თითქოს მთელი ბავშვობა მამის შოლტის ქვეშ კი არა, ამ კარჩაკეტილ საზოგადოებაში გაეტარებინოს. მეგობრობდა პიკასოსთან, დალისთან, მიტერანთან, ივ სენ ლორანთან, ლუი არაგონთან, ფრანსუაზა საგანთან, პიერ კარდენთან. ახლო ურთიერთობა აქვს ჯონი დეპთან და კეიტ მოსთან. ბანიე მსოფლიოს ათასი უმდიდრესი ადამიანის ნუსხაში 917-ე ადგილს იკავებს. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ გზა მწვერვალისკენ მდიდარი ქალბატონების ბუდუარების გავლით გაიკაფა.
მეორე გმირი, არც მეტი არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახლავთ. არც სარკოზის ჰქონია იოლი ბავშვობა. მამა, არისტოკრატი მექალთანე, პატარა ნიკოლას უცხოური გვარის, საშუალო ტანისა და ცუდი ნიშნების გამო, ფრანგულ საზოგადოებაში წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა. უკვე 20 წლის ასაკში, პირველი საჯარო გამოსვლისას, სარკოზი გალური პარტიის ლიდერებმა შენიშნეს. ამ შემთხვევამ მისი კარიერა განსაზღვრა.
რა აქვთ საერთო ამ ორ კაცს? დღეს ისინი წარმატებული ურთიერთობებისა და კავშირების ჩახლართული ქსელის სხვადასხვა მხარეს დგანან. მაგრამ ურთიერთობა, რომელიც ორივესთვის მაღალი საზოგადოებისკენ მიმავალ ბილეთად გამოდგა, შესაძლოა, ბალასტად იქცეს; ერთის საპრეზიდენტო სკამს დაემუქროს და მეორის - გაჭირვებით შეკოწიწებულ ქონებას.


ბეტანკურის საქმის ისტორია

ცნობილმა ფრანგმა ბიზნესმენმა, ეჟენ შულერმა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კოსმეტიკის მწარმოებელი პატარა ფირმა დააარსა. 1930 წელს ფირმას L’Oreal-ი უწოდეს. ამჟამად მსოფლიოში ცნობილი ბრენდი მემკვიდრეობით ერგო ეჟენის ქალიშვილს, ლილიანს. აი, ამბის მესამე, საკვანძო ფიგურა.
ლილიანი მამის ერთგული მეგობარი და დასაყრდენი იყო კოსმეტიკურ ბიზნესში. 28 წლისა იგი ცოლად გაჰყვა ანდრე ბეტანკურს. ანდრე ცნობილი და წარმატებული ფრანგი პოლიტიკოსი გახლდათ. ცოლ-ქმარმა ხუთი ათეული წელი გაატარა ერთად. მათ ერთადერთი შვილი ეყოლათ - ფრანსუაზა.
2004-2007 წლებში ლილიან ბეტანკურის ქონება 22-24 მილიარდ დოლარად შეაფასეს, თუმცა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა იგი „გააღარიბა” და მხოლოდ 17 მილიარდი ევროს ამარა დატოვა. ჟანრის კანონია, რომ ლილიანისა და ფრანსუა-მარი ბანიეს გზები უნდა გადაიკვეთოს. ასეც მოხდა. 1987 წლიდან მოყოლებული, მდიდარი ქალბატონი არც ისე მდიდარ ხელოვანს მფარველობს.
ბეტანკური 2007 წელს დაქვრივდა. ამასობაში ფრანსუაზაც წამოიზარდა. ხმებმა, რომ დედის მემკვიდრეობა შეიძლება ბანიეს ერგოს, ხოლო იგი „ნასუფრალს” უნდა დასჯერდეს, ოლიგარქის ერთადერთი ქალიშვილის რისხვა გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2009 წლის ბოლოს ფრანსუაზამ საქვეყნოდ განაცხადა, ოცწლიანი ნაცნობობის განმავლობაში ბანიემ დედაჩემს ერთი მილიარდი ევრო დასცინცლა ხელოვნების ნიმუშებში, ბინებში და ისე, უბრალოდო. თან ისიც თქვა, დედაჩემი სრულ ჭკუაზე აღარ არისო, ბანიეს თაღლითი უწოდა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


ოჯახური დრამიდან კრიმინალამდე

ოჯახურ დრამაში პოლიტიკური მოქმედება 3 კვირის წინ შემოვიდა. მემკვიდრეობის მეწილის სამხილებლად, ფრანსუაზამ პოლიციასა და პრესას ერთდროულად გადასცა დედამისის ყოფილი მსახურის მიერ ფარულად წარმოებული ჩანაწერები.
თუმცა, ამ სკანდალურ მასალებს მხოლოდ ბანიესთვის არ მიუყენებია დარტყმა. ჩანაწერებში ფინანსური მრჩევლები და იურისტები მდიდარი ქალბატონის საქმეებს განიხილავენ. მჟღავნდება, რომ ლილიან ბეტანკური თავს არიდებდა გადასახადებს, შვეიცარიასა და სეიშელის კონსულებზე რეგისტრირებულ ბანკებში გახსნილი ჰქონდა არადეკლარირებული ანგარიშები, სადაც, ჯამში, 100 მილიონ ევროზე მეტი ინახება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მოემზადეთ, ამბის კულმინაციას მივადექით - ირკვევა, რომ სარკოზის მთავრობაში იმ დროს ბიუჯეტის საქმეთა, ამჟამად შრომის მინისტრმა ერიკ ვერტმა, რომელიც ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებდა, საკუთარი ცოლის დასაქმება სთხოვა ქალბატონი ბეტანკურის მრჩევლებს. მართლაც, ფლორენს ვერტი ქალბატონი ბეტანკურის ინვესტიციებს მართავდა. მოგეხსენებათ, ლამაზი თვალებისთვის სამსახურს არავინ გაგიწევთ. სანაცვლოდ, იცავდა თუ არა ვერტი ლილიან ბეტანკურს ფინანსური გამოძიებისაგან, საგაზეთო განხილვების მთავარ საკითხად იქცა.
თითქოს ეს არ კმაროდა, ბრალდებებს ბეტანკურის ყოფილი ბუღალტერის, კლერ ტიბუს განცხადებაც დაერთო. 5 ივლისს ტიბუმ ინტერნეტგამოცემა მედიაპარტს უთხრა, 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლილიან ბეტანკურმა ერიკ ვერტს საიდუმლო ვითარებაში 150 ათასი ევრო გადასცაო. სამინისტროს ხელმძღვანელობის პარალელურად, ერიკ ვერტი მმართველი პარტიის - კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) - ხაზინადარიც გახლდათ. ნახსენები შეწირულობის რაოდენობა კი დიდად აღემატებოდა კანონით დაშვებულ ზღვარს. კლერ ტიბუ იმასაც ამტკიცებდა, პრეზიდენტი სარკოზი, როდესაც იგი ნოი-სურ-სენის მერი იყო, ცოლ-ქმარი ბეტანკურებისგან კონვერტებით ღებულობდა შემოწირულობებსო. თუმცა, მოგვიანებით, პოლიციაში დაკითხვისას, ტიბუმ ეს ბრალდება უარყო.
ფრანსუაზას ერთმა ჩანაწერმა საფრანგეთის პროკურატურას სამი საქმე უსახსოვრა გამოსაძიებლად: ერთი იკვლევს წინასაარჩევნო კამპანიის არალეგალური დაფინანსების საკითხს, მეორე - ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეპიზოდს, მესამე კი, ფარული ჩანაწერების გავრცელების პარალელურად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტს.
11 ივლისს საფრანგეთის გენერალურმა ფინანსურმა ინსპექციამ ერიკ ვერტს ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნა. „ბიუჯეტის საქმეთა მინისტრობისას, ვერტი არ ერეოდა საკითხებში, რომლებიც რაიმე ფორმით ეხებოდა ქალბატონი ბეტანკურის საწარმოს შემოწმებას,” - ნათქვამია ფინანსური ინსპექციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას ვერტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდძალი შემოწირულობის მიღების გარშემო. მინისტრმა, ცრუ ბრალდებისგან დაცვის მოთხოვნით, სასამართლოს რამდენიმე დღით ადრე უკვე მიმართა.


სკანდალის პოლიტიკური შედეგები

2007 წელს ქვეყანამ ახალი ტიპის ლიდერს დაუჭირა მხარი. სარკოზი არ იყო ძველი საფრანგეთი, ძველი ელიტა, ძველი ფული. სხვა მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, იგი არ შეუმჩნევიათ კორუფციის გზით კარიერის აწყობაში. სარკოზი საფრანგეთს გარდატეხას დაჰპირდა. მას ქვეყანა მოქნილ და სტაბილურად განვითარებად ეკონომიკამდე უნდა მიეყვანა.
ნაცვლად ამისა, სარკოზის გაპრეზიდენტებიდან 3 წლის თავზე, საფრანგეთმა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა და სკანდალებით დამძიმებული მინისტრთა კაბინეტი მიიღო. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ზედა ჩამონათვალში პირველი ორი მოვლენა საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკის არაეფექტურობას პირდაპირ არ უკავშირდება. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა სიძლიერით მხოლოდ მეორე ევროპული ეკონომიკის მხრებზე არ გადაიარა. სხვა წამყვანი ქვეყნებიც დაასუსტა.
საზოგადოების ფართო წრეებში არაპოპულარული რეფორმების გატარების აუცილებლობაც დადგა. საპენსიო რეფორმის მოლოდინში, ჯერ კიდევ მარტის რეგიონალურ არჩევნებში, საფრანგეთის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა მმართველ პარტიას. ქვეყნის 22 რეგიონიდან 21-ში მემარცხენეებმა იმარჯვეს.
ამ მარცხმა ვერ მოთოკა სარკოზის გეგმები საპენსიო ზღვარის 60-დან 62 წლამდე აწევასთან დაკავშირებით. გასულ კვირას მთავრობას პარლამენტისთვის აღნიშნული რეფორმის პაკეტის წარდგენა L’Oreal-ის სკანდალის ფონზე მოუწია. მაშინ, როცა საპენსიო რეფორმის ფლაგმანს, შრომის მინისტრ ერიკ ვერტს უკანასკნელი სამი კვირა თავისმართლება უწევს.
ციტადელი ინგრევა. 4 ივლისს სარკოზიმ თანამდებობა დაატოვებინა ორ მინისტრს, რომლებიც საჯარო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ამხილეს: ერთმა 12 ათასი ევროს ღირებულების კუბური სიგარები სახელმწიფო ბიუჯეტს მიაწერა, მეორემ კი, ჰაიტის მსხვერპლთა დასახმარებლად გამართულ კონფერენციაზე გასაფრენად, 116 ათასი ევროს ღირებულების კერძო თვითმფრინავი დაიქირავა.
შედეგი? რამდენიმე დღის წინ TNS Sofres-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 26% ენდობა ქვეყნის პრეზიდენტს. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2012 წელს საფრანგეთმა პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. მოახერხებს თუ არა სარკოზი ფრანსუაზას რისხვით გამოწვეული პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანას და ხალხის ნდობის დაბრუნებას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. საერთოდ, ფრანგული კინო, ამერიკულისგან განსხვავებით, ყოველთვის „ჰეფი ენდით” არ სრულდება.



 

კომენტარები