რუსეთის აჩრდილი ქართულ არჩევნებზე

საქართველოს საარჩევნო კამპანიას რუსეთის მუქი ჩრდილი დაეცა, მაგრამ ეს არ არის ის ჩრდილი, რომელიც, ანდაზის თანახმად, ვიღაცის მოსვლას უსწრებს წინ. ბურუსი საქართველოს შიდა პოლიტიკის მხოლოდ განაპირა ფლანგებს მისწვდა და ვერ აუბა მხარი პოლიტიკურ სისტემასა თუ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს. რუსეთის ახლადშეძენილმა მოკავშირეებმა, საქართველოს ეროვნული საბჭოდან, რეიტინგის ნიშნული ერთციფრიანი შკალის შუამდეც ვერ აქაჩეს ქვეყნის მასშტაბით ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებში.
თუმცა, მოსკოვი, როგორც ჩანს, მზად არის, გაახშიროს ქართველი პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობა. 22 მაისს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ მირს განუცხადა, რომ ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებები „შიდა საქმეებში ჩარევა კი არ არის, უბრალოდ, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საფუძვლის ჩაყრაა, რაც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია”.
პუტინის ინტერვიუდან ორი რამ მიუთითებს მოსკოვის პოლიტიკურ გეგმაზე საქართველოსთან დაკავშირებით. პირველი, პოზიციის შეცვლისა და რუსეთისკენ მიბრუნებისათვის მან ხოტბა შეასხა საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს. პუტინის თქმით, ეს არის დასტური, რომ მოსკოვი მიესალმება ახალ მოკავშირეებს „საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის” (პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები ერიდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის სახელის წარმოთქმას) ყოფილ მომხრეთა რიგებიდან. 2009 წლის ოქტომბერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის გადაბირებამ თვალსაჩინო გახადა, რომ მოსკოვი ცდილობს, მიიზიდოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, რათა ხელისუფლება თანდათან „გაფცქვნას”, ანუ შემოაცალოს მომხრეები. თუმცა, მოსკოვს აშკარად გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა ნოღაიდელისა და ბურჯანაძის სარგებლიანობის შესახებ. ისინი ვერ იქცნენ სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად.
მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინის ინტერვიუდან არის მისი დამოკიდებულება მართლმადიდებლობასთან. მისი თქმით, რუსი და ქართველი ხალხი საერთო რელიგიას იზიარებენ და პუტინი მას ამ საზოგადოებათა შემაკავშირებელ პოლიტიკურ ფუნქციად მოიაზრებს (ეს დამახინჯებული ინტერპრეტაცია უგულებელყოფს ქართული ეკლესიის განმასხვავებელ თვისებებს და მის ავტოკეფალიას). ქართულ მართლმადიდებლობას რუსული პოლიტიკისა და პროპაგანდის დაბალ დონეებზე ადრეც იყენებდნენ, მაგრამ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამ ფანდს არ მიმართავდა. დღეს მოსკოვი ფსონს დებს ზოგიერთი სასულიერო პირის და მათი გაუთვიცნობიერებელი მიმდევრების დაპირისპირებაზე მოდერნიზაციასა და ვესტერნიზაციასთან.
აშკარაა, რუსული პოლიტიკის „სტრატეგებს” იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ „ფართო ალიანსის” შექმნას, რომელშიც თავს მოუყრიან ყველას - უკმაყოფილო პოლიტიკოსებით დაწყებული, საქართველოს მთავრობის ლიბერალური (ზოგ საკითხზე კი ლიბერტარიანული) კურსის რელიგიური ოპონენტებით დამთავრებული.
მოსკოვის წახალისებით, ერთ-ერთი ქართული გაზეთის გამომცემელი მალხაზ გულაშვილი სათავეში ჩაუდგა მართლმადიდებელთა რადიკალურ ჯგუფს, რომელმაც ძალადობრივი აქციები მოაწყო თბილისში 6 და 8 მაისს. მანამდე რუსეთში გულაშვილი მონაწილეობდა ოპოზიციონერთა რამდენიმე შეხვედრაში და შემდგომში, სამხრეთ ოსეთში გაიქცა (სავარაუდოდ, რუსეთში გადასასვლელად). 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 1990-იანი წლების ჩინოვნიკების ჯგუფმა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თეიმურაზ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილოება მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კონტრღონისძიებაში, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ ვლადიკავკაზში გამართა.
ნოღაიდელის მიერ 13 მაისს გაკეთებული განცხადება, რომ ეროვნული საბჭო მალე წარმომადგენლობებს გახსნის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია. ნოღაიდელისა და ბურჯანაძის პოლიტიკური რეიტინგი ერთნიშნა ციფრს არ აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ხელმისაწვდომია ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელი სატელევიზიო არხები. 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების კამპანიის დროს, ნოღაიდელი, არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციების მოწყობით იმუქრებოდა სხვადასხვა სატელევიზიო არხიდან (ისევე, როგორც სხვა რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც არ ასოცირდებიან რუსეთთან). იგი გაყალბებას ელოდა. თავის მხრივ, ბურჯანაძემ მთავრობა დაადანაშაულა საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს.
ბურჯანაძე და მისი გუნდი არ იყვნენ საკუთარ ძალებში იმდენად დარწმუნებულნი, რომ არჩევნებში მონაწილეობა გადაეწყვიტათ; ამის ნაცვლად, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს იმ მოტივით, რომ ადგილობრივი არჩევნებით ქვეყნის პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება. ეროვნული საბჭოს ლიდერ ზურაბ ნოღაიდელსაც არ წარუდგენია საკუთარი კანდიდატურა მერის პოსტზე (მიუხედავად მისი ძლიერი მენეჯერული მონაცემებისა), თუმცა ალიანსში შემავალი პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს, რომელსაც აგრეთვე ერთნიშნა რეიტინგი აქვს, დართო ნება, არჩევნებში დამარცხება ეწვნია.
24 მაისს რუსეთში მცხოვრებმა მდიდარმა ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა და გაერთიანებულ ოპოზიციას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ებრალიძემ ქართველი ოპოზიციონერების რამდენიმე შეხვედრას უმასპინძლა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში და, როგორც ვარაუდობენ, ამ მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. მან შეძლო, ქართული ტელევიზიის მეშვეობით გაევრცელებინა საკუთარი მიმართვა (ტვ-იმედი, 24 მაისი).
საბოლოო ჯამში, რუსეთმა პოლიტიკური მოკავშირეები შესაძლოა მხოლოდ ყოფილი ჩინოვნიკების ან მარგინალური პოლიტიკოსების მცირერიცხოვან ჯგუფებში იპოვოს. მოსკოვს ჯერ კიდევ მოსაძებნი ჰყავს ისეთი ქართველი მოკავშირე, რომელთანაც შეძლებს პოლიტიკური გარიგების დადებას და ვისაც აღმოაჩნდება უნარი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება მოსკოვის ქართველ მოკავშირეებთან იყო შემწყნარებლობისა და უპატივცემულობის ნაზავი. მათ საკმაოდ დიდი საეთერო დრო დაუთმეს სატელევიზიო არხებზე, თუმცა მმართველი პარტია თავს იკავებდა მათთან პოლემიკაში ჩართვისგან და ზოგჯერ, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ დასახასიათებლად ლენინის სიტყვები მოიშველია და მოსკოვში მოსიარულე პოლიტიკოსებს „სასარგებლო იდიოტები” უწოდა.


 

კომენტარები