დოქტორი არიელ კოენი არის „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მკვლევარი რუსეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოლიტიკის საკითხებში. არის ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი.
21 მაისს დოქტორი არიელ კოენი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს სტუმრობდა, სადაც წაიკითხა ლექცია ობამას ადმინისტრაციის გამოწვევებზე და აშშ-ს პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიაში. ტაბულასთან ინტერვიუში მან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
უკრაინასა და ყირგიზეთში წელს მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და რუსეთის როლი ამ პროცესში არავისთვის არის საიდუმლო. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ზოგ პოლიტიკურ პარტიას რუსეთი დაუფარავად უჭერს მხარს. რა შანსები არსებობს, რომ რეჟიმის შეცვლის რუსული პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოში?
- ყირგიზეთი მართლაც წყალგამყოფია, რადგან დაგვანახა, რომ რუსეთმა, რომელიც უწინ მხოლოდ მთავრობებთან იჭერდა საქმეს, კავშირების გაბმა ოპოზიციასთან დაიწყო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, „რბილი ძალის” სტრატეგია საქართველოს მიმართაც გამოიყენოს. მოსკოვი არ მალავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან გაქრობა სურს. თუმცა, ეჭვი მეპარება, წარმატებას მიაღწიოს, ვინაიდან საქართველომ შექმნა ინსტიტუტები, ხოლო ისეთ გარემოში ჩარევა, სადაც პოლიტიკურ პარტიათა დიდი ნაწილი ანტირუსული განწყობის იყო, როგორც ომის დროს, ისე მის შემდეგ, იოლი არ იქნება
თუ ისტორიას გავიხსენებთ, საბჭოელებმა ვერ მოახერხეს საქართველოს საკმაოდ სუსტი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის დამხობა არაპირდაპირი ზემოქმედებით. ეს მხოლოდ წითელი არმიის ინტერვენციის შედეგად გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, დღევანდელ საქართველოში ვერ ვხედავ ისეთ ლიდერებს, რომლებიც მართლა პოპულარულები იყვნენ და ამავე დროს, რუსეთს ჯიბეში ჰყავდეს ჩასმული.
ფერადი რევოლუციების შემდეგ, საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად მოიაზრებოდა ნატოში ინტეგრირების კონტექსტში. ახლა საქართველო მარტოა, რადგან იანუკოვიჩმა ღიად განაცხადა, რომ კიევი აღარ არის ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოს ნატოში ინტეგრირების პერსპექტივებზე?
- ამ ორ ქვეყანას შორის სერიოზული განსხვავებები იყო. ნატოში ასეც კი ხუმრობდნენ - უკრაინას არ სურს გაწევრიანება, ხოლო საქართველოს არ შეუძლია.
ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაცია, რომელიც რუსეთთან პოლიტიკის გადასინჯვას ცდილობს, ახლო მომავალში არ წამოსწევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის სურვილები რუსებისას ემთხვევა. ევროპელებიც, რომელთა გარეშე საქართველო ალიანსის წევრი ვერ გახდება, უნისონში არიან რუსებთან. ამიტომ, ახლა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხრივ, „სტრატეგიული პაუზაა” აღებული.
არ მიმაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა განიხილებოდეს. საქართველომ გააკეთა თავისი სტრატეგიული არჩევანი და გააგრძელებს სამხედრო დახმარების მიღებას იმ ქვეყნებიდან, საიდანაც შეძლებს. საქართველო გადარჩენის ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე დგას. არსებობს ნატო, მაგრამ არსებობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სისტემები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და სამხედრო ძალებმა უნდა გამოიყენონ, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული საფრთხეები.
რა პოლიტიკას ატარებს ობამას ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ? რამდენად სწორია პოლიტიკურ მიმომხილველთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ აშშ-მა საქართველო მიატოვა?
- ობამას ადმინისტრაციამ ფუნდამენტურად შეცვალა პრიორიტეტები. გადატვირთვის პოლიტიკა ფოკუსირებულია იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რომლებსაც სერიოზული უთანხმოება აქვთ აშშ-სთან. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ამ პოლიტიკას რაიმე სარგებელი მოჰქონდეს. აშშ-ს პოპულარობა არ გაზრდილა, არაბულ-ებრაული კონფლიქტის მოგვარების საკითხი წინ არ წასულა, ჩინეთთან ურთიერთობები არ გაუმჯობესებულა, ხოლო რუსეთი აშკარად პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს ვენესუელასა და სირიისათვის იარაღის მიყიდვით.
აშშ ბევრ დათმობაზე მიდის რუსეთთან. ჩვენ არ შევეწინააღმდეგეთ რუსებისთვის მისტრალის მიყიდვას. არ ვაკეთებთ სერიოზულ განცხადებებს ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებზე. ეს არის ის, რაც რუსეთს სურდა. ვერ ვხედავ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი პრიორიტეტული იყოს. კლასიკურ რეალ პოლიტიკაში რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პატარა, დემოკრატიული ქვეყნები. საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ობამას ადმინისტრაციის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა პოლონეთი, ისრაელი და თვით ჩვენი ტრადიციული მოკავშირე დიდი ბრიტანეთი. ამიტომ, საქართველოსთან ახალი ტიპის ურთიერთობა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ზოგად სურათში ჯდება.
რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ომამდელ პოზიციებზე ჯარის გაყვანის ნაცვლად, რუსები სამხედრო ბაზებს აშენებენ. როგორ სტრატეგიას უნდა მიმართოს საქართველომ, რომ ახლო მომავალში უსაფრთხოება უზრუნველყოს, ხოლო შორეულ მომავალში ტერიტორიული პრობლემების გადაჭრაც შეძლოს?
- თანამედროვე მსოფლიოში არასამხედრო გზით უსაფრთხოების დაცვის უდიდესი შესაძლებლობები არსებობს და მათ შორის არის საერთაშორისო ტიპის სამართლებრივი ზომების მიღება. არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად, ეკონომიკური განვითარება, რაზეც თქვენი პრეზიდენტი დიდი ხანია საუბრობს. ეკონომიკური განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მორალური განწყობის ასამაღლებლად და ქვეყნის მიმზიდველობის გასაზრდელად. გარდა ამისა, საჭიროა გეოპოლიტიკური კავშირების დივერსიფიცირება და ძალაუფლების ახალ, მზარდ ცენტრებთან - ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან კავშირების დამყარება. საქართველო უნდა გასცდეს აშშ-სა და ევროპას. მე რომ ქართველი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ მხოლოდ აშშ და ევროპა ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს სათანადო უსაფრთხოებით.
მიგაჩნიათ, რომ ახლო მომავალში ჩინეთი შეძლებს, გარკვეული როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროის ამბავია. ადრე თუ გვიან ჩინეთი გლობალური ძალა გახდება და დაიწყებს ფიქრს თავისი ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო და სხვა ტიპის პოტენციალის მსოფლიოში გავრცელებაზე. ამიტომ ძალაუფლების ახალ ცენტრებთან (არა მარტო ჩინეთთან) კავშირების დამყარება მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, საქართველო არ დაკარგავს თავის დასავლურ, დემოკრატიულ ბუნებას ამ პროცესში და შეინარჩუნებს ორიენტაციას თავისუფალ ბაზარზე, რადგან ძალაუფლების ეს ახალი ცენტრები ავტორიტარული და საბაზრო ეკონომიკის მოწინააღმდეგენი არიან.
რა პერსპექტივები აქვს ნაბუკოს მილსადენის მშენებლობას?
- ნაბუკოს განხორციელება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ევროპელები ძალზე ნელა მოქმედებენ, რუსები კი - ძალზე სწრაფად. რუსებმა სამხრეთ ნაკადის პროექტისათვის უკვე ყველა გზა გაიკვლიეს. ხელშეკრულებები გაფორმდა თურქეთთან, ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასა და ავსტრიასთან. თუმცა, რუსების პრობლემა ამ მილსადენის გაზით შევსებაა.
მეორე დიდი პრობლემა, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს, არის ის, რომ ევროპაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, გაზის ფასები შემცირდა, ენერგორესურსების მოხმარებამ იკლო. ასე რომ, ახლა შეძლება არც იყოს საუკეთესო დრო ნაბუკოს განსახორციელებლად. რუსები კი ამ საბაზრო ძალებს, ფასს არად აგდებენ. მათ ბაზრის წილი და გეოპოლიტიკური გავლენა უნდათ.
შესაძლებელია, რომ პოლონეთში ფიქლის გაზის რესურსების აღმოჩენამ და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ ამ ტიპის გაზის მოძიებაზე ზრუნვამ შეცვალოს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე?
- ევროპის პრობლემა ის არის, რომ მეტისმეტად აწუხებს ნამდვილი თუ წარმოსახვითი ეკოლოგიური ფაქტორები, მეტისმეტად აღელვებს კლიმატის ცვლილება და მეტისმეტად აშფოთებს ბირთვული ენერგიის საკითხები. თუ ევროპა ფიქლის გაზის გადაჭარბებულ რეგულირებას გადაწყვეტს, სერიოზულ ენერგოდამოუკიდებლობას ან ენერგოუსაფრთხოებას ვერ მიიღებს. ევროპელები გამოსავალს რუსულ გაზში ხედავენ, რაც უბრალოდ თავის გასულელებაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან საკუთარ უსაფრთხოებას უცხო ქვეყანას ანდობენ. ლიტვაში სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა ატომური ენერგოსადგური. ევროკავშირივე ცდილობს, არ დაუშვას მისი მშენებლობა ჩეხეთსა და ბულგარეთში. ეს კი რუსულ გაზზე დამოკიდებულების გარდა, რუსულ ურანსა და ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულებასაც ქმნის.