აშშ-ს მთავრობამ კომპანია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელ Fable 5-ზე უცხოელებისთვის დაწესებული წვდომის შეზღუდვები გააუქმა.
ცნობისთვის, აღნიშნული მოდელი აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიუწვდომელი იყო. შეზღუდვის მიზეზად აშშ-ს მთავრობამ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეები დაასახელა.
ახლა კომპანია აცხადებს, რომ Fable 5 მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ასევე შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება Amazon-ის, Google-ისა და Microsoft-ის ღრუბლოვან პლატფორმებზე. ამასთან, კომპანია ვაშინგტონთან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა გაფართოვდეს წვდომა Mythos 5-ზეც.
კომპანიამ 1 ივლისს სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც ვაჭრობის დეპარტამენტმა AI-მოდელ Mythos 5-სა და უფრო ფართო გამოყენებისთვის განკუთვნილ Fable 5-ზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. Mythos 5-ზე ზოგიერთი შეზღუდვა უკვე 26 ივნისს იყო შერბილებული.
Anthropic-ის ცნობით, Fable 5 დღეიდან გლობალურად გახდება ხელმისაწვდომი კომპანიის პლატფორმებზე, ხოლო Amazon-ის, Google-ისა და Microsoft-ის ღრუბლოვან სერვისებზე მისი გაშვება "რაც შეიძლება სწრაფად" მოხდება.




