ხელოვნური ინტელექტის რეგულირება

პირველად მსოფლიოში, EU-მ ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი კანონი დაამტკიცა

13 მარტს, პირველად მსოფლიოში, ევროკავშირმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს დაარეგულირებს.

კანონი დაარეგულირებს AI-ს გამოყენებას ბიზნესებსა და ორგანიზაციებში. ის მოიცავს ყველა სფეროს, ჯანდაცვის სისტემიდან სამართალდამცავ უწყებებამდე. კანონით სრულად აიკრძალება ხელოვნური ინტელექტის "მიუღებლად" მიჩნეული გამოყენება, AI-ს "მაღალი რისკის" მქონე გამოყენება კი მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცევა.

მაგალითად, ახალი კანონით აიკრძალება ხელოვნური ინტელექტის სოციალური შეფასების სისტემებში გამოყენება. ასევე, AI აიკრძალება ისეთ ბიომეტრიულ ხელსაწყოებში, რომლებსაც ადამიანის რასის, პოლიტიკური ან სექსუალური ორიენტაციის გამოცნობა შეუძლია.

სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე კანონი ასევე აკრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ემოციების ინტერპრეტირებისთვის. აიკრძალება AI-ს გამოყენება პროფილის ავტომატურად შემქმნელ ხელსაწყოებშიც, რომლებიც მიზნად ისახავს დაადგინოს პიროვნების მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის ალბათობა. დეზინფორმაციის თავიდან ასარიდებლად, დაწესდება DeepFake-ზე, ანუ ყალბ გამოსახულებებზე შესაბამისი წარწერის გაკეთების ვალდებულება.

ახალი კანონით დარეგულირდება ისეთი კომპანიების მუშაობაც, როგორიცაა ChatGPT-ის მწარმოებელი OpenAI.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცებულ კანონზე მუშაობა EU-მ 2021 წელს დაიწყო. ის ძალაში დაახლოებით 2 წელიწადში შევა.

კომენტარები