30 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების "პატივი" არ ერგებათ, რადგან ომის დროს ისინი "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".
ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ადასტურებს.
"საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება." - უთხრეს ტაბულას პრესსამსახურში.
დილით გამოცემა Aktual.ge წერდა, რომ მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში მიიწვიეს. მათი ინფორმაციით, 9 ივლისს დაგეგმილ ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც არიან მიწვეულნი.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა.
მას შემდეგ ირანში ახალ უზენაეს ლიდერად ალის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს, რომელიც, დაზიანებების მიუხედავად, საჰაერო იერიშს გადაურჩა. თუმცა, მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს IRGC-ის გენერლები იღებენ.




