მცირეწლოვანთა მკვლელობა

"ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება" – POG შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედაზე

პროკურატურამ ბოლნისში 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

"საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა, 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

კომენტარები