ბსუ-ს პროფესორის საქმე

ბსუ-ს ლექტორის მხრიდან აქტივისტების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ცნობისთვის, 28 მაისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ბათუმში ხელმოწერებს აგროვებდნენ პეტიციაზე "მიეცი წამალი ბავშვებს". ამ პეტიციაზე ხელმომწერები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ.

ამავე ვიდეოში ჩანს პროფესორი ნანი გვარიშვილი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს აქტივისტებს და ხელითაც ეხება ერთ-ერთ მათგანს.

როგორც ნონა მირზოევა TV პირველთან საუბარში ამბობს, იმედი აქვს უნივერსიტეტის კამერებიდან ამოიღებენ იმ  ფრაგმენტებს, "სადაც უშუალოდ მასზე მოხდა ძალადობა."

TV პირველთან საუბარში უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ სჩადის მას, დასაგმობია.

"ჩვენ, სავარაუდოდ, ეთიკის კომისიაზე უნდა გავიტანოთ [ეს საკითხი], მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სამართალდამცავი ორგანოებიც იმყოფებოდნენ ადგილზე, რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებენ შესაბამისს გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენი მხრიდან, რაც საჭიროა იმას გავაკეთებთ აუცილებლად." - ამბობს ბსუ-ს რექტორი.

კომენტარები