რუსეთი-სომხეთი

Reuters: იმპორტირებული ამომრჩევლები და ყალბი საიტები – რუსეთის ჩარევა სომხეთის არჩევნებში

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი  
Sputnik/Mikhail Metzel  

გამოცემა Reuters დასავლურ დაზვერვასა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა გააძლიერა ფარული ძალისხმევა, რათა გაზარდოს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ზეგავლენა, რადგან შიშობს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკას დასავლეთთან დააახლოებს.

დასავლური დაზვერვის ხუთი მაღალჩინოსნისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, 7 ივნისის არჩევნებამდე მოსკოვის გეგმები მოიცავდა პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ დეზინფორმაციის კამპანიებს და სქემას, რომლის მიხედვითაც ათიათასობით რუსი სომეხი უნდა ჩასულიყო ქვეყანაში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

"რასაც ფაშინიანი აკეთებს, ეს რუსეთისთვის საფრთხეა," - განუცხადა გამოცემას კარნეგი ევროპის უფროსმა მკვლევარმა თომას დე ვაალმა. დივერსიფიკაცია "ნიშნავს, რომ რუსეთი კარგავს სომხეთში არსებულ პრაქტიკულ მონოპოლიას."

სამი მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვის სასურველი კანდიდატი სამველ კარაპეტიანია, მილიარდერი, რომელსაც მთავრობის დამხობისკენ მოწოდებისთვის ასამართლებენ.

სომხური წარმოშობის რუსი კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს. მისმა ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, Reuters-ის განუცხადა, რომ მისმა კლიენტმა რუსეთის მხარდაჭერის შესახებ არაფერი იცოდა.

გამოცემის ცნობით, ოქტომბერში კრემლმა შექმნა დეპარტამენტი, რომელიც ცნობილია როგორც სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დირექტორატი, რომელიც, ოთხი წყაროს თქმით, ზედამხედველობს სომხეთში გავლენის ოპერაციებს.

ხუთი წყაროს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსი მაღალჩინოსნები განიხილავდნენ რუსეთში მცხოვრები სომხების ფაშინიანის ოპონენტებისთვის ხმის მისაცემად გაგზავნას.

ცნობისთვის, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან არ არის შესაძლებელი.

ერთ-ერთმა წყარომ, აშშ-ს მაღალჩინოსანმა, განაცხადა, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა გადაყვანაც მოსკოვს შეეძლო, სადაზვერვო სამსახურში განხილვის საგანი იყო. თუმცა, წყაროს თქმით, სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები ამ საკითხს სერიოზულად ეკიდებიან.

სამი წყაროს ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ 100 000 ამომრჩევლის ტრანსპორტირების ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარი გამოთვალა. მაისის შუა რიცხვებისთვის კრემლმა გამოაცხადა თითოეული რეგიონის მიერ გაგზავნილი სომხების კვოტები და ადმინისტრატორებს მოსთხოვა მზადების შესახებ ანგარიშის წარდგენა, დასძინეს ამ ოფიციალურმა პირებმა.

ამასთან ერთად, გამოცემა ახსენებს მთიანი ყარაბაღის საკითხს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ს შუამავლობით გადაწყდა.

აშშ-მ ქვეყნებს ასევე შესთავაზა ყარაბაღის ზედამხედველობის გაწევა, რაც, დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, რუსეთის მხრიდან მიუღებელია.

ორი დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, თუ ფაშინიანი ძალაუფლებას დაკარგავს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ძირითადი ელემენტები, სავარაუდოდ, ჩაიშლება.

მაისში ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში, ნიღბიანი მამაკაცები ფაშინიანს მოკვლით ემუქრებოდნენ. Reuters-მა ვერ დაადგინა, რეალური იყო თუ არა საფრთზე ან ვინ იდგა მუქარის უკან.

სამმა წყარომ, მათ შორის აშშ-ს მაღალჩინოსანმა, დაწვრილებითი ინფორმაციის გარეშე აღწერა სერიოზული და მიმდინარე შეშფოთება სომხეთის ლიდერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს მთავრობის წევრები, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ბოლო წლებში ფარულად ეხმარებოდნენ ფაშინიანს პირად დაცვაში. ერთ-ერთი წყაროს თქმით, დახმარება მოიცავდა პოტენციური საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მაღალჩინოსნებმა ასევე გააძლიერეს არსებული ონლაინ დეზინფორმაციული კამპანიები ფაშინიანის მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით.

ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კამპანიებში ჩართულია კრემლთან აფილირებული ბოტების ქსელი, რომელიც ცნობილია როგორც "შტორმი-1516," რომელმაც როლი ითამაშა აშშ-ს ბოლოდროინდელ არჩევნებში ჩარევის მცდელობებში.

სამი წყაროს ცნობით, კრემლმა დაიქირავა რუსული პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანიები და ანალიტიკური ცენტრები, მათ შორის სოციალური დიზაინის სააგენტო (SDA), რომელიც ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში სანქცირებულია უკრაინის მხარდაჭერის შესასუსტებლად დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

Reuters-მა ნახა ხუთი რუსულენოვანი დოკუმენტი, რომლებიც, წყაროების თქმით, SDA-ს მიერ იყო შედგენილი. გამოცემამ დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა, რომ დოკუმენტები SDA-მ შეადგინა.

ერთ-ერთ დოკუმენტში შემოთავაზებული იყო მედიასაშუალების, სახელწოდებით Yerevan1, შექმნა რუსეთის სომხური დიასპორისთვის, რათა ხელი შეეწყო ფაშინიანის მიმართ "ნეგატიური დამოკიდებულების" გასავრცელებლად, რომლის "ძირითადი ნარატივი" იქნებოდა ის, რომ "სომხეთი მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო ალიანსში და მისი მფარველობის ქვეშ შეიძლება აყვავდეს."

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუს-სომხებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლის თამაში არჩევნებში, თუ "მათ შორის მაღალი აქტივობა იქნება უზრუნველყოფილი."

 
 

კომენტარები