თეთრმა სახლმა 28 მაისს დაადასტურა, რომ აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60 დღით გახანგრძლივდება, რა დროის განმავლობაშიც მხარეები თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ შეხვედრებს გამართავენ.
თუმცა, თეთრმა სახლმა რეპორტიორებს განუმარტა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო.
ისრაელის მე-12 არხის მიერ გავრცელებული ცნობებით, რაც მოგვიანებით თეთრმა სახლმაც დაადასტურა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპს სურს, რამდენიმე დღე ფიქრს დაუთმოს, სანამ გადაწყვეტს, დათანხმდება თუ არა შეთანხმების პირობებზე.
ამის მიუხედავად, გამოცემა Times of Israel-ს მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის დიპლომატმა განუცხადა, რომ მე-12 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორად ახასიათებს ვითარებას, ვინაიდან მემორანდუმზე საბოლოოდ ჯერ ირანულ მხარეც არ დათანხმებულა.
მოგვიანებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულმა გამოცემა Tasnim-მა მოლაპარაკებებზე თეირანის დელეგაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე უარყო, რომ ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმზე საბოლოოდ დათანხმდა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, რაც შემდეგ თეთრმა სახლმაც დაადასტურა, მომლაპარაკებლების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას, რათა გემებისთვის შეუფერხებელი მიმოსვლა აღდგეს.
მემორანდუმი ასევე მოიცავს ირანულ პორტებზე აშშ-ს საზღვაო ბლოკადის შემსუბუქებას, რის პარალელურადაც თეირანი სრულად აღადგენს სრუტის გავლით საერთაშორისო მიმოსვლას.
ამავდროულად, პოტენციური შეთანხმების ფარგლებში აშშ დათანხმდება სანქციების შემსუბუქებასა და გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებაზეც, ხოლო 60 დღის განმავლობაში შეაჩერებს გარკვეულ სანქციებსაც, რათა ირანმა ნავთობის ექსპორტი შეუფერხებლად გააგრძელოს.
ამას გარდა, გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ირანი დაიწყებს აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს და განხილვის პირველი საგანი ირანის გამდიდრებული ურანის მარაგები და ზოგადად ურანის გამდიდრებაზე შეზღუდვების დაწესების საკითხი იქნება.
თავის მხრივ, ირანი ფორმალურად დადებს პირობას, რომ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ შეეცდება, თუმცა, ეს თეირანის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობად არ მიიჩნევა, ვინაიდან ისლამური რეჟიმი უკვე დიდი ხანია ირწმუნება, რომ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ ცდილობენ.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები, რაც მე-12 არხმა გაავრცელა და შემდგომ თეთრმა სახლმა დაადასტურა, შემდეგნაირია:
- ცეცხლის შეწყვეტა 60 დღით გახანგრძლივდება;
- ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება შეუფერხებელი და შეუზღუდავი იქნება, გადასახადებისა და ირანული მხარის ჩარევის გარეშე;
- 30 დღის განმავლობაში ირანი სრუტეს ყველა ნაღმისგან გაასუფთავებს;
- ირანის პორტებზე აშშ-ს ბლოკადა ეტაპობრივად მოიხსნება, სრუტეში გემების მიმოსვლის აღდგენის შესაბამისად;
- ომის დაწყების შემდეგ რეგიონში გაგზავნილი ამერიკული ძალების გაყვანა დამოკიდებული იქნება მხარეებს შორის, მათ შორის, ბირთვულ საკითხზე, მუდმივი შეთანხმების მიღწევაზე;
- ირანი აიღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის მოპოვებას, დამზადებას ან შესყიდვას;
- ირანი აიღებს ვალდებულებას, რომ მემორანდუმის ხელმოწერისთანავე მუდმივი შეთანხმების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების ფარგლებში პირველ საკითხად განიხილება ირანში არსებული გამდიდრებული ურანის მარაგების განკარგვა და სამომავლოდ თეირანისთვის ურანის გამდიდრების შეზღუდვა;
- თავის მხრივ, აშშ დადებს პირობას, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ირანზე სანქციებს შეამსუბუქებს და გაყინულ ირანულ თანხებს გაათავისუფლებს;
- 60-დღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში აშშ შეაჩერებს ზოგიერთ სანქციას, რათა ირანმა ნავთობის შეუფერხებლად გაყიდვა შეძლოს;
- ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივება გავრცელდება ლიბანზეც, თუმცა, ისრაელი შეძლებს, ჰეზბოლას მხრიდან მყისიერი საფრთხის შემთხვევაში იმოქმედოს.




