რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ იერიშები მიიტანა ვორონეჟზე, ტაგანროგსა და ოკუპირებულ სევასტოპოლზე

ტაგანროგზე მიტანილი იერიშის ამსახველი კადრი

27 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხრეთ რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანეს.

სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმზე იერიშისთვის Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გამოიყენა.

განგაში გამოცხადდა ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებშიც, ასევე კრასნოდარის მხარეში.

ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ორი "მაღალსიჩქარიანი სამიზნე" გაანადგურეს და დაშავებულები არ არიან. ტელეგრამ არხი Astra წერს, რომ იერიშის შემდეგ ვორონეჟის მცხოვრებლებმა აეროდრომი "ბალტიმორის" მიმდებარე ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი დაინახეს.

ტაგანროგში, როსტოვის გუბერნატორ იური სლიუსარის მტკიცებით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილები დაიწვა. თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. Astra-ს ცნობით, დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა საავიაციო სარემონტო ქარხანა N325-ის ტერიტორიაზე.

27 მაისის ღამეს აფეთქებების ხმებზე ცნობები ტუაფსეს მცხოვრებლებმაც გაავრცელეს. აქამდე ოკრუგის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ მოსახლეობა უპილოტო საფრენი აპარატების იერიშების შესახებ გააფრთხილა. კრასნოდარის მხარის ოპერაციულ შტაბში ამბობენ, რომ დრონების ნამსხვრევები საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. Astra-ს ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება, სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რაიონში მოხდა. ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იერიშების სამიზნე წარსულში რამდენჯერმე გახდა.

კომენტარები