აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში გავლისას გემების გაცილება გააგრძელეს, იუწყება The Wall Street Journal-ი, სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
პირველად ამერიკულმა სამხედრო გემებმა ბერძნული ტანკერი გააცილეს, რომელსაც ომანის სანაპიროსთან მდებარე სრუტეში ორი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. გემი მარტის დასაწყისში სპარსეთის ყურეში იყო გაჩერებული, ახლა კი ინდოეთის მიმართულებით მიემართება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ოპერაცია არის "პროექტი თავისუფლების" აღდგენა. ეს იყო ჰორმუზის სრუტეში გემების გატარების პროგრამა, რომელიც აშშ-მ 4 მაისს დაიწყო და 36 საათში შეწყვიტა საუდის არაბეთის უკმაყოფილების გამო.
სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში ამერიკული გემები დაახლოებით ათ გემს დაეხმარებიან, მათ შორის ტანკერებსა და საკონტეინერო ხომალდებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას გეგმავენ.
ჰორმუზის სრუტეს მსოფლიო ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის მიწოდების მეხუთედი სწორედ ამ მარშრუტით გადის. აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ სრუტე გემების უმეტესობისთვის დაიკეტა.




