გამოცემა Reuters საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი საზღვარგარეთ არ უნდა გაიგზავნოს, რითაც განამტკიცა თეირანის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ისრაელის მაღალჩინოსნებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ტრამპმა ისრაელი დაარწმუნა, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რომელიც ატომური იარაღის დასამზადებლად არის საჭირო, ირანიდან გაიგზავნება და რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ამის შესახებ პუნქტს უნდა შეიცავდეს.
"უზენაესი ლიდერის დირექტივა და სტრუქტურების შიგნით არსებული კონსენსუსი ის არის, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან," - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა ირანელმა წყარომ.
გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ მასალების საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო დაუცველს გახდის აშშ-სა და ისრაელის მომავალი თავდასხმების მიმართ.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ირანში არსებობს ეჭვი, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება ვაშინგტონის მიერ ტაქტიკური სვლა იყო, რათა საჰაერო დარტყმების განახლებამდე უსაფრთხოების განცდა შეექმნა.
ომამდე ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყნიდან გაეტანა 60%-მდე გამდიდრებული ურანის ნახევარი, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე სამოქალაქო მიზნებისთვის არის საჭირო.
თუმცა, წყაროების ცნობით, პოზიცია შეიცვალა ტრამპის მიერ ირანზე თავდასხმის განმეორებითი მუქარის შემდეგ.
ისრაელის მაღალჩინოსნებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, გადაწყვეტს თუ არა ტრამპი თავდასხმას და მისცემს თუ არა ის ისრაელს საბრძოლო მოქმედებების განახლების ნებართვას.
თუმცა, წყაროს თქმით, საკითხის გადასაჭრელად "რეალიზებადი ფორმულები" არსებობდა.
"არსებობს ისეთი რამდენიმე გამოსავალი, როგორიცაა მარაგის განზავება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ," - განაცხადა ერთ-ერთმა ირანულმა წყარომ.




