18 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბის რეჟიმთან დაკავშირებულ პირებსა და ძალოვან სტრუქტურებს სანქციები დაუწესა, რაც სახდეპის განცხადებით, წარმოადგენს "ტრამპის ადმინისტრაციის ყოვლისმომცველი კამპანიის გაგრძელებას," რათა კუბის კომუნისტური რეჟიმის სახით აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისადმი შექმნილი საფრთხეები აღმოიფხვრას.
"60 წელზე მეტია კუბის რეჟიმი, საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, უპირატესობას ანიჭებს კომუნისტურ იდეოლოგიასა და პირად სიმდიდრეს და უცხოურ დაზვერვას, ჯარსა და ტერორისტულ ოპერაციებს კუბის ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს. აშშ გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რათა შეეწინააღმდეგოს კუბის რეჟიმს, მისი მიზნების შემსრულებლებსა და უცხოეთში მყოფ იმ პირებს, რომლებიც ელიტებს მოგების ნახვაში ეხმარებიან მაშინ, როცა კუბელი ხალხი იტანჯება." – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ ფონზე აშშ-მ კუბის რეჟიმის ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული 11 პირი და მთავრობის სამი ორგანო სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ბოლო ამერიკულმა სანქციებმა მოიცვა კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული პოლიცია და კუბის სადაზვერვო სამმართველო. ხოლო სანქცირებულ პირებს შორის არიან ქვეყნის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, კუბის იუსტიციის მინისტრი, რამდენიმე სამხედრო ლიდერი და სხვები.




