შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის "CACHABA"-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს.
"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა - ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომელებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.
ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გუადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





