კუბა

საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ, კუბას CIA-ს უფროსი ეწვია

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს უფროსი ჯონ რეტკლიფი კუბაში, ჰავანაში  
CIA  

კუბას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსი ჯონ რეტკლიფი ეწვია, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ბლოკადის შედეგად, ქვეყანას საწვავის უკანასკნელი მარაგები ამოეწურა.

რეტკლიფი მის კუბელ კოლეგას ჰავანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდა, სადაც, როგორც Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნა, რომ აშშ-სა და კუბას შორის თანამშრომლობა შესაძლებელია, თუ მთავრობა "ფუნდამენტურ ცვლილებებს" მოახდენს.

გამოცემის ცნობით, რეტკლიფი ჰავანაში ჩავიდა "პრეზიდენტ ტრამპის გზავნილის გადასაცემად, რომ აშშ მზადაა, სერიოზულად ჩაერთოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუბა ფუნდამენტურ ცვლილებებს მოახდენს."

Axios-ის წყარო ასევე იუწყება, რომ რეტკლიფმა კუბელ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, "ისწავლონ 3 იანვრის ოპერაციიდან, რომლის შედეგადაც ვენესუელაში ნიკოლას მადურო დაამხეს."

ის ფაქტი, რომ კუბის მთავრობა მზად იყო ღიად მიეღო ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კერძოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, იმაზე მიუთითებს, რომ ჰავანა, შესაძლოა, მზად იყოს მსგავსი გარიგებისთვის.

კუბის ენერგეტიკის მინისტრმა 13 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავი და დიზელი ამოიწურა და ელექტროენერგიის გათიშვამ შესაძლოა დღეში 20-22 საათს გადააჭარბოს.

შედეგად, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საავადმყოფოებს უჭირთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, მოქალაქეებს კი გაზის გარეშე საჭმლის მომზადება.

კუბამ 14 მაისს ასევე გაათავისუფლა პოლიტპატიმარი, სისი აბასკალ სამორა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მთავრობა ცდილობს შეამსუბუქოს აშშ-ს ზეწოლა.

"მათ საწვავი არ აქვთ. ფული არ აქვთ. არავინ მოდის მათ გადასარჩენად. რეჟიმი 1959 წლიდან ჯიუტობს, მაგრამ უკვე ისინიც კი ხვდებიან, რომ ცვლილებების დროა," - განუცხადა Axios-ს აშშ-ს მაღალჩინოსანმა.

7 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაანონსა ახალი სანქციები მთავრობასთან ასოცირებულ კუბურ ბიზნესებზე.

"კუბაში კორპორაციებისთვის ფულის შოვნა რთულია და სანქციები კომპანიებისთვის იქ დარჩენას უვარგისს ხდის," - განუცხადა გამოცემას მაღალჩინოსანმა.

გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა განუსაზღვრელი ვადით არ დარჩება ღია და თუ დიალოგი არ იმუშავებს, ტრამპი იპოვის სხვა გზას "თავისი წითელი ხაზების აღსასრულებლად."

 

კომენტარები