კუბაში მიწისძვრა მოხდა, რომელიც, პირველადი მონაცემებით, 6.8 მაგნიტუდის იყო.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბარტოლომე-მასოდან 40 კილომეტრით სამხრეთით იყო.
მიწისძვრა ძირითადად აღმოსავლეთ კუბას შეეხო, მათ შორის, დიდ ქალაქებს, როგორებიცაა სანტიაგო-დე-კუბა, გუანტანამო და ოლგინი.
"მეწყრები იყო, სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. [...] ზიანის აღრიცხვა დავიწყეთ, რათა აღდგენის პროცესი დავიწყოთ. უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლეთა გადარჩენაა". - წერს კუბის პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი X-ზე.
Reuters-მა ადგილობრივ მცხოვრებებთან ისაუბრა, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათი ცხოვრების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
"წარსულში მიწისძვრები გამოგვიცდია, მაგრამ არაფერი მსგავსი". - თქვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა გამოცემასთან საუბრისას.
მანამდე, 6 ნოემბერს კუბას მე-3 კატეგორიის ტროპიკულმა ქარიშხალმა რაფაელმა დაარტყა და ქვეყნის ელექტროქსელი 24 საათის განმავლობაში მწყობრიდან გამოიყვანა. ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამასთან, 22 ოქტომბერს კი კუბას ელექტროენერგიის კრიზისის ფონზე ქარიშხალმა ოსკარმა დაარტყა, წყალდიდობის შედეგად კი, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა.





