ტრამპ თაუერ თბილისი

ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში "ტრამპ თაუერ თბილისის" პროექტის ფოტოს ავრცელებს

"ტრამპ თაუერ თბილისის" რენდერი
Eric Trump / X

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა და Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა სოციალურ ქსელში "ტრამპ თაუერ თბილისის" პროექტის ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ შენობა, რომელიც რეგიონში ტრამპის ორგანიზაციის "პირველ პროექტს წარმოადგენს", მალევე იქცევა ღირსშესანიშნაობად.

"მოხარული ვარ, ტრამპ თაუერ თბილისის ოფიციალური რენდერი გაგიზიაროთ. საუკეთესო ადგილ-მდებარეობით, თბილისის გულში, ეს კოშკი მალევე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში. ეს რეგიონში ჩვენს პირველ პროექტს წარმოადგენს და მოუთმენლად ველით მის გაცოცხლებას." – წერს ერიკ ტრამპი X-ზე.

ცნობისთვის, გასულ თვეში გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები "ტრამპ თაუერის" აშენებას გეგმავენ, რომელიც დედაქალაქში სიდიდით ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დიზაინი არქიტექტურული ფირმა Gensler-ს ეკუთვნის. პროექტში ასევე ჩართულია კონსორციუმი, რომელიც მოიცავს "არქი ჯგუფსა" და "ბიოგრაფი ლივინგს".

საქართველოში "ტრამპ თაუერის" აშენების იდეა სათავეს 2012 წლიდან იღებს, როდესაც ტრამპის ორგანიზაციამ ბათუმში უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა. მაშინ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ.

თუმცა, მოგვიანებით ამერიკულმა კომპანიამ, არაერთ უცხოურ გარიგებასთან ერთად, ბათუმში "ტრამპ თაუერის" პროექტი გააუქმა, რაც დონალდ ტრამპის იმით განმარტა, რომ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება სურდა.

ხოლო 2017 წელს Silk Road Group-მა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ბათუმში $250-მილიონიან ცათამბჯენს, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო, თავადვე დააფინანსებდნენ.

კომენტარები