დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების ცნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაუკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.
სარჩელი ეხებოდა შსს-ს გადაწყვეტილებას, რომ მშობლებს, რომლებიც კანცელარიის წინ ღამეს ათენებენ, არ მისცეს უფლება შეეტანათ სკვერში კარვები. მშობლების ინფორმაციით, სასამართლომ განცხადება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ვერ დაადასტურეს, თუ რა ზიანი ადგებათ კარვების არქონით.
ისინი ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
"უკვე 19 დღეა, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ვატარებთ უწყვეტ აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ და ვითხოვთ ბავშვების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლება არ მოგვცა იმ მოტივით შეფერხდება საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის ფუნქციონირება.
აღსანიშნავია, რომ უახლოესი შენობა აქციიდან 70 მეტრში მდებარეობს. შესაბამისად, გაუგებარია, რომელ საწარმოს ან ორგანიზაციას შეიძლება შეექმნას პრობლემა. ჩვენ ეს მითითებები გავასაჩივრეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ მათი მოქმედების შეჩერება. ჩვენ მივუთითეთ, რომ უამინდობის პირობებში ღია ცის ქვეშ ადამიანების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მუდმივად ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
პირველი ინსტანციის Სასამართლომ განცხადება არ დაგვიკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ვერ დავადასტურეთ თუ რა ზიანი გვადგება კარვების არქონით.
შსს-ს და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს. Ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. საზოგადოებას მოგიწოდებთ რომ დაგვიჭიროთ მხარი და ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე." - ნათქვამია მშობლების განცხადებაში.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი მე-19 დღეა, ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები, მშობლები აპირებენ, რომ ყოველ ღამე ერთი მშობელი მაინც დარჩეს ღამის გასათევად.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები შსს-ს ქმედებების შესახებ პროკურატურას მიმართავენ
-
სარჯველაძემ ხაზი გადაუსვა იმ 100 ბავშვს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან – მშობლები
-
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
- იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება




