აშშ-ირანის მოლაპარაკებები

საფრანგეთმა პოტენციური ჰორმუზის სრუტის მისიისთვის წითელ ზღვაში ავიამზიდი გაგზავნა

ფრანგული ავიამზიდი "შარლ დე გოლი" იონიის ზღვაში, 17 მარტი, 2022
U.S. Navy photo by Mass Communication Specialist 3rd Class Bela Chambers

ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გეგმების მომზადების სამზადისის ფარგლებში საფრანგეთმა 6 მაისს წითელ ზღვაში ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფი გაგზავნა, რის პარალელურადაც საფრანგეთმა აშშ-სა და ირანს შემუშავებული სამშვიდობო წინადადების განხილვისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როცა ჰორმუზში მათ მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადა გლობალურ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას.

საფრანგეთის არმიამ განაცხადა, რომ ავიამზიდ "შარლ დე გოლის" მოიერიშე ჯგუფი, რომელსაც თან ახლავს იტალიისა და ნიდერლანდების სამხედრო გემები, წითელი ზღვის სამხრეთისკენ მიემართებოდა. 

არმიის ცნობით, ამ ნაბიჯის მიზანი რეგიონში ოპერაციული გარემოს შეფასება, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კრიზისის მართვის ვარიანტების გაფართოება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი თავდაცვითი ძალისხმევის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და საზღვაო ვაჭრობაში დაინტერესებული მხარეების დამშვიდებაა.

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკვე რამდენიმე კვირაა სამშვიდობო წინადადებაზე მუშაობენ, რომლის მიზანიც ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტის აღმოფხვრის შემდეგ სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლისთვის საფუძვლის ჩაყრაა. Reuters-ის მიხედვით, გეგმა გულისხმობს ირანთან კოორდინაციასაც, ხოლო ათეულობით ქვეყანამ მოსამზადებელი შეხვედრების შემდეგ მისიაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.

"მარტივი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დღეს ძალისხმევა უნდა განვაახლოთ არის ის, რომ ჰორმუზში ბლოკადა გრძელდება, მსოფლიო ეკონომიკაზე ზიანი კი უფრო და უფრო იკვეთება, ხოლო შეტაკებების გახანგრძლივების რისკი ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ ჩვენ ეს მივიღოთ," განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს. 

"ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ირანმა თავისი გემებისთვის სრუტის გავლით მიმოსვლა შეძლოს და სანაცვლოდ აიღოს ვალდებულება, რომ ამერიკელებთან ბირთვული მასალების, რაკეტებისა და რეგიონის შესახებ საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს. ჩვენ ასევე გამოვდივართ წინადადებით, რომ ამერიკელებმა, თავის მხრივ, ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა მოხსნან და სანაცვლოდ მოლაპარაკებების მიმართ ირანის თანხმობა მოიპოვონ." – დაამატა მაღალჩინოსანმა. 

მისი თქმით, "ამ პირობების ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია, მრავალეროვნული ძალა განვალაგოთ, რათა ჰორმუზის სრუტეში გამავალი კოლონების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და ეს, ცხადია, მოითხოვს, რომ ირანმა გემებს ცეცხლი არ გაუხსნას". 

კომენტარები