როგორც Le Monde წერს, მალიში მმართველი სამხედრო ხუნტის შეიარაღებული ძალები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ქვედანაყოფი, რომელიც ხუნტას ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებაში ეხმარება, ამბოხებულების იერიშის გამო უკან დახევას განაგრძობენ.
გამოცემის მიხედვით, 26 აპრილს კიდალიდან, ხოლო 1 მაისს ტესალიტიდან უკან დახევის შემდეგ ხუნტისა და რუსული აფრიკული კორპუსის ჯარისკაცები აგუელჰოკში მდებარე ბაზასაც ტოვებენ.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ალ-კაიდას ადგილობრივმა განშტოებამ, ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინმა (JNIM), და ტუარეგი სეპარატისტების სამხედრო ორგანიზაციამ, აზავადის გათავისუფლების ფრონტმა (ALF) სამთავრობო ძალების წინააღმდეგ კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს.
Le Monde-სთან ALF-ის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ 25 აპრილამდე აგუელჰოკში აფრიკული კორპუსის დაახლოებით 100 ჯარისკაცი და ხუნტის დაახლოებით 400 წევრი იმყოფებოდა, თუმცა, გამოცემის წყაროების თანახმად, ბანაკი, სულ მცირე, 30-მა მანქანამ დატოვა და შეუერთდებიან იმ კონტინგენტის კოლონას, რომელმაც აქამდე ტესალიტიდან დაიხია უკან.
როგორც Le Monde წერს, მოსალოდნელია, რომ ეს ჯარისკაცები ანეფისისკენ მიემართებიან, სადაც ამჟამად კიდალიდან უკან დახეული რუსი ჯარისკაცებიც იმყოფებიან.
გამოცემის მიხედვით, ALF-ს, JNIM-სა და აფრიკულ კორპუსს შორის მიღწეული "ყოვლისმომცველი შეთანხმება" ითვალისწინებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ტერიტორია თავდაუსხმელად უნდა დატოვონ. Le Monde წერს, რომ პროცესის ორგანიზებაში ალჟირი მონაწილეობს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ამბოხებულებთან არის დაახლოებული და ასევე რუსეთის ისტორიული პარტნიორია.
როგორც Le Monde-სთან საუბრისას ALF-ის მაღალჩინოსანმა თქვა, მოსალოდნელია, რომ აგუელჰოკის ბანაკიდან რუს ჯარისკაცებს კიდალისა და ტესალიტის შემთხვევების მსგავსად ამბოხებულები გააცილებენ.
"აფრიკული კორპუსის ოფიცრებს ჩვენსა და ნუსრათ ალ-ისლამის ჯგუფის ხალხთან რეგულარული კონტაქტი აქვთ. ისინი გვეუბნებიან, რომ მიდიან, მაგრამ ცოტა მეტი დრო სჭირდებათ, რათა თავიანთი აღჭურვილობა შეაგროვონ. ცოტათი მეტი დროით იწელება, თუმცა იციან, რომ უნდა წავიდნენ. ჩვენი ჯარისკაცები მთლიანად აგუელჰოკის გარშემო გვყავს განლაგებული. ისინი [რედ. - რუსი ჯარისკაცები] ან ითანამშრომლებენ, ან მოკვდებიან". - თქვა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
მანამდე, 30 აპრილს JNIM-მა განაცხადა, რომ მალის დედაქალაქს ალყას არტყამს და მის ბლოკადას იწყებს.
"დღეიდან ვბლოკავთ ბამაკოს... [ქალაქში] აღარავინ შევა" - განაცხადა ერთ-ერთმა JNIM-ის წარმომადგენელმა, ბინა დიარამ 28 აპრილს ვიდეომიმართვაში, რომელიც ჯგუფმა საკუთარ პროპაგანდისტულ არხებზე გაავრცელა.
ჯგუფის განცხადებით, მათ დედაქალაქის ალყაში მოქცევა ბამაკოს ზოგიერთი მცხოვრების მტრული დამოკიდებულების საპასუხოდ გადაწყვიტეს.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ქვედანაყოფმა, დაადასტურა რომ ამბოხებული მებრძოლებისა და ისლამისტების ალიანსთან ძლიერი შეტაკებების შემდეგ, მათმა ძალებმა მალის ქალაქ კიდალიდან უკან დაიხიეს.
მალის ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც ასიმი გოიტა უძღვება, ხელისუფლებაში 2020 და 2021 წლის სამხედრო გადატრიალებების შედეგად მოვიდა. ქვეყნის ხუნტამ კავშირი გაამყარა რუსეთთან, ხოლო დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამ სტრატეგიის მხარდამჭერებსა და წამხალისებლებს შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა, რომელიც ბოლო დღეებში ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის თავდასხმას ემსხვერპლა.
წარსულში მალის ხუნტას ისლამისტებსა და აზავადის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში ევგენი პრიგოჟინის კსკ ვაგნერი ეხმარებოდა. რუსეთში პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ვაგნერის ჯგუფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ქვედანაყოფმა აფრიკულმა კორპუსმა ჩაანაცვლა.





