ოთხი დღის შემდეგ, რაც მალის ჩრდილოეთით დამოუკიდებლობის მომხრე მეამბოხეებმა და "ჯამაათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის" (JNIM, ალ-კაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება) მებრძოლებმა შაბათს, 25 აპრილს, კოორდინირებული თავდასხმები განახორციელეს ქვეყნის მმართველ ხუნტაზე, JNIM-მა განაცხადა, რომ მალის დედაქალაქს ალყას არტყამს და მის ბლოკადას იწყებს.
"დღეიდან ვბლოკავთ ბამაკოს... [ქალაქში] აღარავინ შევა" - განაცხადა ერთ-ერთმა JNIM-ის წარმომადგენელმა, ბინა დიარამ 28 აპრილს ვიდეომიმართვაში, რომელიც ჯგუფმა საკუთარ პროპაგანდისტულ არხებზე გაავრცელა.
ჯგუფის განცხადებით, მათ დედაქალაქის ალყაში მოქცევა ბამაკოს ზოგიერთი მცხოვრების მტრული დამოკიდებულების საპასუხოდ გადაწყვიტეს.
"როდესაც ჩვენმა მებრძოლეებმა უკანდახევა დაიწყეს, მოსახლეობა ჯარს ჩვენი ზოგიერთი ჯიჰადისტის დაჭერასა და მოკვლაში დაეხმარა" - თქვა დიარამ. JNIM-ის წარმომადგენელმა ასევე "ყველა მუსლიმს და ყველა მალელს ყოვლისშემძლე ღმერთის რელიგიისა და მნშვიდობიანი და ღირსეული ქვეყნის ასაშენებლად" მათ რიგებში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
Le Monde წერს, რომ მალის ხუნტა, მიუხედავად დანაკარებისა და შესუსტებისა, როგორც ჩანს, პოზიციებს ინარჩუნებს. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ მისი ლიდერი, გენერალი ასიმი გოიტა 28 აპრილს შუადღისას კვლავ გამოჩნდა. მალის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც გოიტა, მალიში რუსეთის ელჩთან, იგორ გრომიკოსთან ერთად ჩანს.
მან ასევე მოინახულა შაბათს ქალაქ კატიში საკუთარ სახლში აფეთქების შედეგად მოკლული თავდაცვის მინისტრის, სადიო კამარას ოჯახის წევრები.
მოგვიანებით გოიტამ განაცხადა, რომ ამბოხებულებზე, "რომელთა მიზანიც ზოგადი ძალადობის ატმოსფეროს შექმნა იყო", გადამწვეტი დარტყმა მიიტანეს და "სიტუაცია კონტროლის ქვეშაა".
ცნობისთვის, მალის ამბოხებულებმა 29 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ქვედანაყოფს, რომელიც მალიში სამხედრო ხუნტას ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებაში ეხმარება, ქვეყნიდან გასვლისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, "რუსეთთან არანაირი პრობლემა არ აქვთ", თუმცა რეჟიმი, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს მათთვის მიუღებელია.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ქვედანაყოფმა, დაადასტურა რომ მეამბოხე მებრძოლებისა და ისლამისტების ალიანსთან ძლიერი შეტაკებების შემდეგ, მათმა ძალებმა მალის ქალაქ კიდალიდან უკან დაიხიეს.





