აშშ-ირანის მოლაპარაკებები

Axios: ირანმა სამშვიდობო წინადადების სამუშაო ვერსიაში აშშ-ს შესწორებებს პასუხი გასცა

 Iranian Ministry of Foreign Affairs Handout via Getty

Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ომის დასრულების პირველად წინადადებაში აშშ-ს მიერ შეტანილ შესწორებებს პასუხი გასცა. 

გამოცემის წყაროს თქმით, 27 აპრილს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ირანულ მხარეს ომის დასრულების პირველად წინადადებაში შესწორებების სია გაუგზავნა.

Axios მანამდე წერდა, რომ გასულ კვირას ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ომის დასრულების შეთავაზება წარუდგინა, რომელიც ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპისთვის გადადებას მოიცავდა. 

გამოცემის მიხედვით, შესწორებები წინადადებაში ბირთვულ საკითხს აბრუნებს. ერთ-ერთი შესწორება მოიაზრებს, რომ ირანმა მის დაბომბილ ბირთვულ ობიექტებზე აქტივობა არ უნდა განაახლოს და ამ ობიექტებიდან გამდიდრებული ურანი არ უნდა გადაადგილოს, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

გამოცემის მიხედვით, ეს მიუთითებს, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები სრულად არ შეჩერებულა. 

ირანის სამთავრობო მედია, IRNA ასევე წერს, რომ ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების შუამავალს, პაკისტანს ახალი დოკუმენტი გადასცა.

მანამდე, თეთრ სახლში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა, ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი პოტენციური სამხედრო ვარიანტები გააცნო, რის ფონზეც ინტენსიური კონსულტაციები გამართეს ისრაელელმა მაღალჩინოსნებმაც. 

კუპერის მხრიდან ტრამპისთვის ბრიფინგის გამართვამდე, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს აცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს სარდლობა ახალი სამხედრო იერიშების შესახებ გეგმებს გააცნობდა, რათა აშშ-მ ირანს მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასრულება აიძულოს. 

Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის მიხედვით, ბრედ კუპერის მიერ ტრამპისთვის ბრიფინგის გამართვა მიანიშნებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სერიოზულ საბრძოლო ოპერაციას განიხილავს, რათა მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვიდეს ან ომის დამთავრებამდე აშშ-მ ირანს საბოლოო დარტყმა მიაყენოს. 

წყაროების თქმით, CENTCOM-მა ირანში იერიშების "მოკლე და ძლიერი" ტალღის გეგმა მოამზადა, რაც, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც მოიცავს და მისი მიზანია, ირანი იძულებული გახდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბირთვული პროგრამის საკითხზე უფრო მეტი მოქნილობა გამოიჩინოს.

კომენტარები