აშშ-ირანის მოლაპარაკებები

მორიგ წერილობით განცხადებაში მოჯთაბა ამბობს, რომ ირანი ბირთვულ შესაძლებლობებს დაიცავს

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები ალი და მოჯთაბა ხამენეის ფოტოებით
Majid Saeedi/Getty Images

აშშ-სთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის, სახელით გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, მოჯთაბა აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა საკუთარ "ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს" დაიცავს. 

აიათოლა მოჯთაბა ხამენეის წერილობითი განცხადება ირანული სამთავრობო ტელევიზიის ეთერში წაიკითხეს. ის ქვეყნის ლიდერად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისი 86 წლის მამა, ალი ხამენეი, საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის დროს სერიოზულად დაშავდა თავად მოჯთაბაც, რომელიც მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. 

"ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მყოფი 90 მილიონი ამაყი და ღირსეული ირანელი მიიჩნევს, რომ ირანის იდენტობაზე დაფუძნებული, სულიერი, ადამიანური, მეცნიერული, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები – ნანოტექნოლოგიითა და ბიოტექნოლოგიით დაწყებული, ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებით დამთავრებული – ეროვნული საგანძურია და [ისინი] დაიცავენ მათ ისევე, როგორც ქვეყნის წყლებს, მიწებსა და საჰაერო სივრცეს იცავენ," ციტირებს მოჯთაბას განცხადებას სამთავრობო ტელევიზია. 

გავრცელებულ განცხადებაში მოჯთაბა ასევე ამბობს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკელებისთვის ერთადერთი ადგილი "მისი წყლების ფსკერზეა".

"ღმერთის დახმარებითა და ძალით სპარსეთის ყურის რეგიონის ნათელი მომავალი იქნება მომავალი ამერიკის გარეშე, მომავალი, რომელიც მოემსახურება თავისი ხალხის პროგრესს, კომფორტსა და კეთილდღეობას." – წერს ხამენეი.

რეჟიმის უზენაესი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ თეირანი სპარსეთის ყურის რეგიონში უსაფრთხოებას დაამყარებს და გაანადგურებს, მისი თქმით, "მტრის მიერ საზღვაო გზების ბოროტად გამოყენებას."

აპრილის დასაწყისში გამოცემა Times სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოჯთაბა უგონო მდგომარეობაში იყო, ხოლო 23 აპრილს New York Times-მა გაავრცელა ანგარიში, რომელშიც ეწერა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ქვეყანას ერთპიროვნულად ვერ მართავს. 

ამ ფონზე ერთ-ერთმა ირანელმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მოჯთაბა ხამენეის ახალ ფოტოებს ან სხვა მასალებს მის წინააღმდეგ "ოკულტური მეცნიერებებისა" და არატრადიციული მეთოდების გამოყენების საფრთხის გამო არ ავრცელებს.

კომენტარები