უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან "მოპარული ხორბლის" ყიდვაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ბრალდებას უარყოფს, უკრაინამ ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისრაელს რუსეთის მიერ მოპარული ხორბლის შეძენაში ადანაშაულებს და წერს, რომ "ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში" ეს ქმედება "იურიდიულ პასუხისმგებლობას" გამოიწვევდა.
"ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა არის ქმედება, რომელიც იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთის მიერ მოპარულ ხორბალს. ისრაელის პორტში ასეთი ხორბლის გადამტანი კიდევ ერთი გემი ჩავიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება," - დაწერა ზელენსკიმ X-ზე
ისრაელმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ უკრაინას არ წარუდგენია მყარი მტკიცებულება.
"ამ მომენტამდე, უკრაინას არ გამოუგზავნია იურიდიული დახმარების მოთხოვნა. მათ მხოლოდ "ტვიტები" გამოგზავნეს, უკრაინის მთავრობას არ წარუდგენია მათი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები," - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.
საარმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელის საგადასახადო სამსახურს ესაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "გემი პორტში არ შემოსულა და ჯერ არ წარუდგენია დოკუმენტები," შესაბამისად, გადაზიდვის ჩანაწერების გაყალბების შესახებ მტკიცების დადასტურება შეუძლებელია.
გამოცემა the Haaretz daily წერს, რომ გემი სახელად Panormitis, რომელსაც, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორბალი გადაჰქონდეს, ჰაიფაში შესვლის ნებართვას ელოდებოდა. გამოცემის ინფორმაციით, წელს ისრაელში ოთხი მსგავსი ტვირთი უკვე გადმოტვირთეს.
კიევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში წარმოებულ მარცვლეულს მოპარულად მიიჩნევს და სხვა ქვეყნებში მის ექსპორტს აპროტესტებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ 27 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის ელჩი მის სამინისტროში დაიბარეს.
მისი თქმით, "ძნელი გასაგებია ისრაელის მხრიდან უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე სათანადო რეაგირების არარსებობა იმ წინა გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული საქონელი მიიტანა."
Times of Israel წერს, აპრილის დასაწყისში, ისრაელმა ჰაიფას პორტში მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთულ რუსულ გემს შესვლის ნება დართო, იმ განმარტებით, რომ გემის უკან მოსაბრუნებლად უკვე გვიანი იყო.
საარმა თავის უკრაინელ კოლეგას შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ გემის დაკავება დაგვიანებული შეტყობინების გამო შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს, შესაძლოა, ამის შესახებ გემის ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე ცოდნოდა.
უკრაინელი მაღალჩინოსნები ხორბლის ტვირთის კონფისკაციას მოითხოვდნენ.
ზელენსკიმ 28 აპრილს X-ზე დაწერა, რომ უკრაინა ცდილობს მსგავსი შემთხვევების აღმოფრხვას.
"უკრაინამ დიპლომატიური არხებით ყველა საჭირო ზომა მიიღო მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთი ასეთი გემი არ გააჩერეს. მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ყველა პარტნიორს აცნობოს სიტუაციის შესახებ," - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე მუშაობს შესაფერის სანქციებზე.
"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინა ამზადებს შესაბამის სანქციების პაკეტს, რომელიც მოიცავს როგორც იმ ადამიანებს, ვინც ამ ხორბლის უშუალოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგების მიღებას," - წერს ზელენსკი
მისივე თქმით, უკრაინა "ასევე კოორდინაციას გაუწევს ევროპელ პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი პირები მოხვდნენ ევროპული სანქციების რეჟიმებში."
ამასთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორჰი ტიხიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევმა ისრაელს საჯაროდ გამოქვეყნებამდე "ვრცელი ინფორმაცია და მტკიცებულება" მიაწოდა, რომ ტვირთი უკანონო იყო.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩაერევა.
"ეს საკითხი კიევის რეჟიმმა ისრაელთან დამოუკიდებლად მოაგვაროს," - განაცხადა მან.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა ევროკავშირი და განაცხადა, რომ "ყურადღებას აქცევენ" სადავო ტვირთს და რომ ჩართული პირები შესაძლოა ევროკავშირის სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ.





