დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ მოთხოვნით, კანცელარიასთან მათ მიერ გამართული აქციების დროს პოლიციელების მეირ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლაზე, დისკრიმინაციასა და თანამდებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე რეაგირება მოახდინონ.
განცხადების თანახმად, კანცელარიასთან მუდმივად მობილიზებული პოლიცია მათ უკრძალავს, მდებარე სკვერში კარვების, პუფების და ბალიშების შეტანას, ხოლო 24 საათის განმავლობაში ღია ცისქვეშ ხის სკამებზე ამ ნივთების გარეშე მშობლების მუდმივად ყოფნა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთლობას.
"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია.
თანამედროვე მედიკამენტებს და მრავალმხრივ კვლევებს, რომლებსაც ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, საქართველოს საქართველოში ეს სერვისები მიუწვდომელია და სახელმწიფო მათ არ აფინანსებს.
დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღე ვატარებთ აქციებს სახელმწიფო კანცელარიის წინ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ წამალს და მკურნალობის დაფინანსებას.
ჩვენი აქციები არის სრულიად მშვიდობიანი და მიმდინარეობს ღია საზოგადოებრივ სკვერში, რომელიც 70-100 მეტრით დაცილებულია შენობებისგან და გზისგან.
მიუხედავად ამისა, ადგილზე მუდმივად მობილიზებული პოლიცია გვიკრძალავს, რომ შევიტანოთ კარვები, პუფები და ბალიშები. 27 აპრილს ასევე აგვიკრძალეს პლედების შეტანა, თუმცა მას შემდეგ რაც მშობლებმა ეს პლედები ცალ ცალკე დავიკავეთ ხელში, შემდეგ დაგვრთეს მათი შეტანის უფლება. 24 საათი ღია ცისქვეშ ხის სკამებზე (რომლებსაც არ აქვთ მისაყუდებელი) ამ ნივთების გარეშე მშობლების მუდმივად ყოფნა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთლობას.
27 აპრილს ერთ ერთი მშობელი ამ პირობებში ყოფნის გამო მართლაც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება.
გარდა ამისა, 20 აპრილის აქციაზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებს არ მისცეს კანცელარიის მისაღებში შესვლის უფლება რათა თავად მოეთხოვათ პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე.
პოლიციის მითითებები არის სრულიად უკანონო. არ არსებობს საზოგადოებრივ სკვერში ამ ნივთების შეტანის აკრძალვის არანაირი საფუძველი.
პოლიციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა(სსკ. 161-ე მუხლი), დისკრიმინაცია (სსკ. 142-ე მუხლი), თანამდებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ. 333-ე მუხლი) - ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ განახორციელოთ რეაგირება პოლიციის აღნიშნულ ქმედებებზე და უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა". - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მათ გუშინდელი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები, ისინი აპირებენ, რომ ყოველ ღამე ერთი მშობელი მაინც დარჩეს ღამის გასათევად.
- დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
-
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.





