გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, რომ ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს აშშ-სთან მოლაპარაკებები.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა, 24 აპრილს Fox News-ზე თქვა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ირანელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკების მიზნით პაკისტანისკენ გაემგზავრებოდნენ. ლივიტის თქმით, პროცესში ჩართვისთვის ასევე მზად იქნებოდა ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრაზე მხარეებს შორის პროგრესი იქნებოდა.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ისლამაბადში 24 აპრილს ჩავიდა, თუმცა, ირანის სამთავრობო მედია წერდა, რომ აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრა არ იყო დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, არაღჩიმ პაკისტანი დღეს, 25 აპრილს, ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. თეირანი ირწმუნებოდა, რომ ისინი ქვეყანაში მხოლოდ პაკისტანურ მხარესთან ორმხრივი შეხვედრის მიზნით იყვნენ ჩამოსულები.
Wall Street Journal წერს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დროს რეჟიმის ხელმძღვანელობა ერთიან პოლიტიკურ გზავნილებს ავრცელებდა და შეიარაღებულ ძალებზე მკაცრი კონტროლი ჰქონდა დამყარებული. თუმცა, WSJ-ს ცნობით, ეს ერთობა, როგორც ჩანს, ირღვევა იმ ფონზე, როცა ირანს აშშ-სთან სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა ესაჭიროება, რისთვისაც თეირანს, დიდი ალბათობით, რთულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, აშშ-სთან მოლაპარაკებების წარმართვის საკითხის გარშემო დაპირისპირება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ხისტი პოლიტიკის მომხრე ფიგურებსა და რეჟიმის გავლენიან მაღალჩინოსნებს შორის ხდება, რომლებსაც უფრო მეტად ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გამოსწორება აინტერესებთ.
WSJ-ს ინფორმაციით, ირანში ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე პირები რეჟიმის წარმომადგენლებზე ზეწოლას ცდილობენ და მოუწოდებენ მათ, რომ აშშ-სთან კომპრომისებზე არ წავიდნენ.
გამოცემა წერს, რომ ისინი აშშ-სთან ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის გამო ირანის წარმომადგენლების – პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფისა და არაღჩის – გასაკრიტიკებლად პრესასა და სოციალურ მედიას იყენებენ.
Wall Street Journal-ის ცნობით, ულტრაკონსერვატორი კანონმდებელი, მაჰმუდ ნაბავიანი, რომელიც პაკისტანში გაგზავნილი ირანის დელეგაციის წევრებს შორის იყო, ღიად დაესხა თავს ღალიბაფს მოლაპარაკებებზე არჩეული სტრატეგიის გამო.
"პაკისტანში მოლაპარაკებებზე ჩვენ სტრატეგიული შეცდომა დავუშვით." – განაცხადა ნაბავიანმა ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას. "ბირთვული საკითხი მოლაპარაკებებზე არ უნდა წამოგვეწია. ამით მტერი უფრო გაბედული გახდა." – დაამატა მან.
წყაროების თქმით, ზედმეტ კომპრომისებზე წასვლის წინააღმდეგია გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი, აჰმად ვაჰიდიც.
ამის მიუხედავად, 24 აპრილს ირანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უარყო შიდა დაპირისპირების შესახებ ცნობები. ღალიბაფის თქმით, "ირანში არ არსებობენ ექსტრემისტი ან ზომიერი ფიგურები." "ჩვენ ყველანი 'ირანელები' და 'რევოლუციონერები' ვართ," აღნიშნა მან. თითქმის ანალოგიური განცხადება გააკეთა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმაც.





