ორგანიზაცია საფარი განცხადებას ავრცელებს ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის შესაძლო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით და წერს, რომ მუშობენ "დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად".
ორგანიზაციის ცნობით, ქალის სურვილია, რომ არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.
"საფარი ჩაერთო ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში და ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.
საფარი მოწოდებულია დაიცვას დაზარალებული ქალის ინტერესები და უფლებები. ამჟამად, ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ პოზიციას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებული დავიცვათ განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან.
საზოგადოებასა და მედიას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები. მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალობას.
საფარი მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით" - ნათვქამია საფარის განცხადებაში.
ალბი კორძაიამ 22 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და წერს, რომ აქვს ინფორმაცია გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ჭოხონელიძემ გააუპატიურა.
სტატუსის საპასუხოდ ლუკა ჭოხონელიძემ დაწერა, რომ არავის მისცემს უფლებას, შებღალონ მისი ღირსება. მოგვიანებით ჭოხონელიძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "უწევს ალბი კორძაიას სასამართლოში უჩივლოს".
22 აპრილს შსს-მ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.





