ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის თქმით, "სასარგებლო" იქნება, თუ "დიდი ოცეულის" სამიტს პუტინიც დაესწრება

EPA

გამოცემა Washington Post თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ დეკემბერში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევასაც აპირებს, თუმცა, წყაროების ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრაზე ფორმალურად ჯერ არ მიუწვევიათ. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთს შეუძლია, G20-ის ყველა შეხვედრას დაესწროს, რადგან აშშ-ს ფოკუსი წარმატებული და პროდუქტიული სამიტის გამართვაა."

"ამ დროისთვის ფორმალური მოწვევები არ გაგზავნილა, მაგრამ რუსეთი G20-ის წევრია და მას მინისტერიალსა და ლიდერების სამიტზე მიიწვევენ," განუცხადა WP-ს ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა. 

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ პანკინი ირწმუნებოდა, რომ "დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთი "უმაღლეს დონეზეა" მიწვეული. სამიტის გამართვა აშშ-ს ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში 14-25 დეკემბერს იგეგმება. 

23 აპრილს ოვალურ ოფისში რეპორტიორებთან საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის მოწვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მისივე თქმით, ამის წინააღმდეგი არ იქნება. 

"თუ ის ჩამოვა, ეს, სავარაუდოდ, ძალიან სასარგებლო იქნება," აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ მისი აზრით, "ყველას უნდა ელაპარაკო". თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა გამოთქვა ეჭვი, რომ მოწვევის შემთხვევაში პუტინი სამიტს დაესწრება. 

ცნობისთვის, G20-ის სამიტებს რუსეთი პირისპირ 2019 წლიდან აღარ ესწრება, რისი მიზეზიც თავდაპირველად კოვიდ პანდემია, მოგვიანებით კი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება და შედეგად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინზე გაცემული დაკავების ორდერი იყო. 

კომენტარები