ივანიშვილის დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და მუქარა უწოდა.
"ეს არის მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება, არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი მორჩილი არ იქნება საზოგადოების ეს ნაწილი.
ხალხს ამ შემთხვევაში, უწოდებს მთელ საზოგადოებას, ადრე ხალხს ეძახდა მხოლოდ მათ, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული.
ახლა მთელ საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან, მაშინ როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა." - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება". - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა. ჰერჩინსკის განცხადებას გამოცემა ნეტგაზეთი ციტირებს.





