ვიქტორ ორბანის მთავრობა

Telex: სიიარტო შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ორბანის მთავრობას ხალხი "პრორუსს" ეძახის

პეტერ სიიარტო მოსკოვში

უნგრულ დამოუკიდებელ გამოცემა Telex-თან ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ვიქტორ ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ რუსეთთან დამყარებული ურთიერთობებით არ ნანობს.

კითხვაზე, არის თუ არა მისი ქმედებები ქვეყნის ღალატის ტოლფასი, სიიარტომ უპასუხა, რომ ეს მისთვის "პირადად არის მტკივნეული". "11 წლის განმავლობაში მე რუსეთთან ნორმალური, პრაგმატული ურთიერთობის დამყარებაზე ვმუშაობდი," აღნიშნა მან და დაამატა, რომ შედეგად უნგრეთმა იაფი ენერგორესურსების მხრივ სარგებელი ნახა. 

Telex-ის ცნობით, ინტერვიუს დროს სიიარტო შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ ორბანის მთავრობას "პრორუსს" ეძახიან, რადგან, სიიარტოს თქმით, ისინი რუსულ ინტერესებს არასდროს ემსახურებოდნენ. 

უნგრულმა გამოცემამ ქვეყნის წარმავალ საგარეო მინისტრს ასევე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რუსეთს მის ან ორბანის წინააღმდეგ კომპრომატები, რა კითხვასაც სიიარტომ "ძალზე შეურაცხმყოფელი" უწოდა. 

"ვინმეს ღალატში დადანაშაულება ძალიან სერიოზული საკითხია." – თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრებზე კოლეგებს ლავროვთან გამართული სატელეფონო საუბრების შესახებ უყვებოდა და მათ რუსეთის პოზიციებს უხსნიდა. სიიარტო ინტერვიუში ირწმუნება, რომ რუსული მხარისთვის გასაიდუმლოებული ინფორმაცია არასდროს არ გადაუცია. 

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე გამოცემა Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.

WP წერდა, რომ სიიარტო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად ურეკავდა ლავროვს და აძლევდა "პირდაპირ ცნობებს, თუ რა განიხილეს". წყაროს თქმით, სიიარტო რუს კოლეგას უზიარებდა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც.

მოგვიანებით გამოცემა VSquare-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთი კრემლთან რუს ოლიგარქებზე, კომპანიებსა და ბანკებზე ევროკავშირის სანქციები მოხსნის მხრივაც თანამშრომლობდა. 

ამასთან, VSquare-მა გაავრცელა სიიარტოსა და ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც, რომელშიც ორბანის მთავრობის საგარეო მინისტრი გამოხატავს მზადყოფნას, რომ რუსული მხარის მოთხოვნას შეასრულებს.

ამას გარდა, უნგრეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე Bloomberg წერდა, რომ ორბანსა და ვლადიმირ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტის მიხედვით, უნგრეთის პრემიერი პუტინს ზღაპრის ანალოგიით ეუბნებოდა, რომ "ლომის" დამხმარე "თაგვი" იქნებოდა.

კომენტარები