საქართველო-ევროკავშირი

ელჩის მხრიდან "ხალხზე" საუბარი პოლიტიკური ცინიზმის მაგალითია - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ვრცელი FB- პოსტით გამოეხმაურა.

"მართალია, ბატონი ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა, “ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ, ასეა დღესაც.

  • ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა;
  • სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები;
  • სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ;
  • ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი და წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული.

რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას. ხალხი, როგორც ერთობა, სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით.

საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს: ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული". - წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე წერს, რომ ქართველმა ხალხმა "ნამესტნიკების" და "მეორე მდივნების" დრო წარსულს ჩააბარა.

"დაბოლოს, საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი:

  • უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა;
  • უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები;
  • უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები;

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა. რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად. ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს.

საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. "ნამესტნიკების" და "მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა "ბნელ დროს" ჩააბარა". - წერს პაპუაშვილი.

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება". - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა. ჰერჩინსკის განცხადებას გამოცემა ნეტგაზეთი ციტირებს.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება," რადგან "ხელისუფლებამ ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი აირჩია და საქართველოს ევროკავშირს აშორებს."

"ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის "ნუ დაკარგავთ იმედის". ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი." – ციტირებს ჰერჩინსკის ნეტგაზეთი.

ასევე, ცნობისთვის, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა 21 აპრილს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს ევროკავშირის ძალისხმევა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგი გაიმართოს, როგორც პირველი ნაბიჯი - მისივე თქმით, შემდგომი ნებისმიერი ნაბიჯისთვის:

  • საქართველომ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ტონი ევროკავშირის წინააღმდეგ;
  • უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა;
  • გადახედოს სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობას

კომენტარები