აშშ-ირანის მოლაპარაკებები

Axios: აშშ-მ შესაძლოა ურანის სანაცვლოდ ირანს $20 მლრდ-მდე გაყინული თანხა გაუთავისუფლოს

დონალდ ტრამპი, 2025 წლის 14 აგვისტო.
Andrew Harnik/Getty Images

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში სამგვერდიანი გეგმის დოკუმენტი მუშავდება, რის ფარგლებშიც განიხილება შესაძლებლობა, რომ გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობის სანაცვლოდ, აშშ ირანს 20 მილიარდ დოლარამდე გაყინულ სახსრებს გაუთავისუფლებს.

Axios-ის წყაროების თანახმად, მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე აშშ მზად იყო ირანისთვის 6 მილიარდი დოლარი გამოეყო, რაც საკვების, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებების შესაძენად იქნებოდა გამოყენებული. ირანმა კი 27 მილიარდი დოლარი მოითხოვა.

გამოცემის მიხედვით, ამჟამად აშშ-სა და ირანს შორის ბოლოს დასახელებული თანხა 20 მილიარდი დოლარს შეადგენს. Axios-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ეს აშშ-ის წინადადებაა. მეორე მაღალჩინოსანი კი გამოცემასთან აღნიშნავს, რომ "ფული ურანის სანაცვლოდ" მრავალი განხილული ვარიანტიდან მხოლოდ ერთ-ერთია.

ამასთან ერთად, Axios-ის ცნობით, აშშ ირანს სთხოვდა, რომ მთელი მისი ბირთვული მასალა აშშ-ში გაეგზავნა, თუმცა ირანი მის გაზავებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე დათანხმდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად განხილული წინადადების მიხედვით, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი შესაძლოა მესამე ქვეყანაში გადაიგზავნოს (და არა აუცილებლად აშშ-ში), ხოლო ნაწილი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ ირანში გაზავდეს.

Axios იუწყება, რომ დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ბირთვული გამდიდრების "ნებაყოფლობით" მორატორიუმს. ამერიკამ 20-წლიანი ვადა მოითხოვა, ირანმა 5 წელი შესთავაზა. ირანი ასევე შეინარჩუნებს სამედიცინო იზოტოპების წარმოების რეაქტორებს, თუმცა ყველა ბირთვული ობიექტი ზედაპირზე უნდა განთავსდეს, მიწისქვეშა ობიექტები მუშაობას შეწყვეტენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა როგორც ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, ასევე აშშ-ისრაელის მიერ ირანში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მიწისქვეშ ღრმად დამარხული ბირთვული "მტვერის" დაბრუნებას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ისინი ამას დათანხმდნენ. ირანი ამას დაეთანხმა. 

ისინი ასევე დაგვთანხმდნენ, რომ დაგვიბრუნებენ (B-2 ბომბდამშენების მიერ) ღრმად დამარხულ ბირთვულ "მტვერს". ასე რომ, ჩვენ ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რაღაც მოხდება". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

კომენტარები