ტრამპის საგარეო პოლიტიკა

USA Today: პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი  
Win McNamee/Getty Images/AFP)  

ამერიკული გამოცემა USA Today-ს ინფორმაციით, პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუბაში ჩარევის ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ გამოცემასთან საკითხზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ ისაუბრა.

პენტაგონის მხრიდან კუბაში შესაძლო ჩარევისთვის გეგმების მომზადება მხარეებს შორის დაძაბულობის ესკალაციაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციიდან მალევე, ტრამპის ადმინისტრაციამ კუბისთვის ვენესუელური ნავთობის მიწოდება შეაჩერა

ამასთანავე, იანვარში გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა წლის ბოლომდე სურს და ინფორმირებული პირების ცნობით, აშშ კუბის მთავრობაში ეძებდა პირებს, რომლებიც რეჟიმის ცვლილების ამოცანას გაამარტივებდნენ.

თებერვალში ტრამპი ამბობდა, რომ კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, "მაღალ დონეზე" აწარმოებდა. თავის მხრივ, კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა, მარტში დაადასტურა, რომ აშშ-სა და კუბას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას "კონფრონტაციის" თავიდან არიდებაში დაეხმარება.

მას შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკამ შესაძლოა, კუბაზე კონტროლი დაამყაროს. გასულ თვეში მან რეპორტიორებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ კუბის აღების პატივი, სავარაუდოდ, მას ერგება.

კომენტარები