8 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Times of Israel-თან საუბრისას განაცხადა, რომ ირანში ომის დამთავრების შესახებ გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.
TOI-სთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ რომ არ ყოფილიყო, ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელს გაანადგურებდა: "ირანი ისრაელისა და გარშემო ყველას განადგურებას აპირებდა... ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება უნდოდა." - დაამატა მან.
კითხვაზე, მარტო მიიღებს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი ომის დასრულების გადაწყვეტილებას, თუ ნეთანიაჰუსთან თანხმობით მოხდება ეს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს "ორმხრივია... მცირედით. ჩვენ ვლაპარაკობდით. სწორ დროს მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველაფერი იქნება გათვალისწინებული."
ხოლო კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ისრაელი ირანზე იერიშებს აშშ-ს მხრიდან კამპანიის შეწყვეტის შემთხვევაშიც, ტრამპმა ამის შესაძლებლობა გამორიცხა და შემდეგ დაამატა, რომ მისი აზრით, "ამის საჭიროება არ იქნება."
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.





