აშშ-ჩინეთი-ტაივანი

ლი შანგფუმ რუსეთში ტაივანზე საუბრისას აშშ გააფრთხილა, რომ "ცეცხლს ეთამაშება"

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ და რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე. 2023 წლის 15 აგვისტო
Russian Defence Ministry/Reuters

15 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანგფუმ აშშ-ზე ირიბად საუბრისას თქვა, რომ ტაივანთან ურთიერთობისას ისინი "ცეცხლს ეთამაშებიან".

ლის ეს გამოსვლა სავარაუდოდ პასუხია ტაივანის ვიცეპრეზიდენტის ნიუ-იორკში ვიზიტზე, სადაც უილიამ ლაიმ, რომელიც ასევე ტაივანის პრეზიდენტობის კანდიდატიცაა, თქვა, რომ ქვეყანა ჩინური მუქარის წინაშე "უკან არასდროს დაიხევს".

ჩინური სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიმ ასევე აღნიშნა, რომ ტაივანის გამოყენება პეკინის შესაკავებლად წარუმატებლად დამთავრდება.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შინაარსის მსგავსი განცხადებები ოფიციალური პეკინის წარმომადგენლებისგან აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა, რუსეთში, ქვეყანაში რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, ამ სიტყვებს დამატებითი დატვირთვა აქვს.

ლი, რომელიც 2018 წელს რუსული იარაღის შეძენისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, მოსკოვის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთსა და ბელარუსში 6-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეუერთდა.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი შეხვდა თავის რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს, რომელთანაც ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

კონფერენციის პარალელურად ლიმ ორმხრივი შეხვედრები გამართა ირანის, საუდის არაბეთის, ყაზახეთის, ვიეტნამის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც. ფორუმს ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად 20-ზე მეტი "მეგობრული" ქვეყნის თავდაცვის მაღალჩინოსნები ესწრებიან.

მოსკოვის კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინის წინასწარ ჩაწერილ სიტყვასაც მოუსმინეს. თავის გამოსვლაში პუტინმა აშშ გლობალური კონფლიქტების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის გამწვავებაში დასდო ბრალი და "ცეცხლზე ნავთის დასხმაში" დაადანაშაულა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები