რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: ხმელთაშუა ზღვაში ჩვენს ტანკერზე იერიში უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს

 რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერი, Арктик Метага უკრაინული იერიშის შემდეგ. 2026 წლის 4 მარტი

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 მარტს უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში, მალტის ტერიტორიულ წყლებთან, რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერზე, Арктик Метагаз-ზე, იერიში მიიტანა.

"მასზე იერიში ლიბიის სანაპიროდან უკრაინის უპილოტო კატერებით მიიტანეს" - აცხადებს სამინისტრო.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ მალტისა და რუსეთის სამაშველო სამსახურების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად ეკიპაჟის 30-ვე წევრი გადარჩენილია.

მანამდე, Reuters საზღვაო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტანკერს, Арктик Метагаз-ს 3 მარტს ხმელთაშუა ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული გემი მალტის სანაპიროსთან ახლოს იწვოდა.

მალტის შეიარაღებულმა ძალებმა გემის წარმომავლობის დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ მათ 3 მარტს ზღვიდან განგაშის სიგნალი მიიღეს და გემის ეკიპაჟი ლიბიის სიახლოვეს სამაშველო ნავზე იპოვეს.

ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ხანძარი შესაძლოა უკრაინული საზღვაო დრონის თავდასხმით ყოფილიყო გამოწვეული.

კომენტარები