კომპანია Yandex-ის მიტანის სერვისი Yandex Eats საქართველოდან გადის. ამის შესახებ კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლარიამ LinkedIn-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
"საქართველოში Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემი საქმიანობა დასრულდა, რაც ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გლობალურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ვამაყობ იმით, რაც შევქმენით. ერთობლივი ძალისხმევით, ბიზნესი სტრუქტურირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად გარდავქმენით, რომელსაც მკაფიო ანგარიშვალდებულება და აღსრულების მაღალი სტანდარტები ახასიათებდა.
მიზანმიმართულობის, დისციპლინისა და თანმიმდევრული მართვის შედეგად, 2025 წელს საქართველოს ბაზარმა კომპანიის საერთაშორისო ბაზრებს შორის საუკეთესო საოპერაციო მაჩვენებლები დააფიქსირა". - წერს ჭოლარია.
ცნობისთვის, Yandex Eats ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა.





